აშშ-ის ღია 2021 | 18 წლის კანადელმა ნაომი ოსაკას მოუგო #1TVSPORT
აშშ-ის ღია 2021 | 18 წლის კანადელმა ნაომი ოსაკას მოუგო #1TVSPORT

აშშ-ის ღიას მამაკაცთა ტურნირის მსგავსად, ასევე მესამე წრეში გამოეთიშა ბრძოლას ქალთა რეიტინგის მესამე ნომერი. სტეფანოს ციციპასის მსგავსად, ნაომი ოსაკამ 18 წლის ჩოგბურთელთან წააგო – კანადელ ლეილა ფერნანდესთან. ამ წაგებით იაპონელმა შეწყვიტა შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა.

პირველ და მეორე სეტში ოსაკამ მე-11 გეიმში შეძლო ბრეიკების შესრულება და 6:5 დაწინაურდა. პირველ შემთხვევაში ფერნანდესმა ვერ უპასუხა და იაპონელმა შეძლო სეტზე ჩაწოდება. მეორე პარტიაში კი, როცა ოსაკა უკვე მატჩზე აწვდიდა, კანადელმა მე-12 გეიმში მატჩში თავისი პირველი ბრეიკ-პოინტები გამოიმუშავა და უკუბრეიკი შეასრულა. ტაი-ბრეიკზე ფერნანდესი დომინირებდა, 5:0 დაწინაურდა და იოლად მოიგო მე-13 გეიმი. მესამე სეტში უკვე მთლიანად ინიციატივა ჩრდილოამერიკელის მხარეს იყო – მან ერთი ბრეიკი იკმარა სეტის მოსაგებად, მეტოქეს კი არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა.

რეიტინგის 73-ე ნომერი ფერნანდესი 2019 წელს როლან გაროსის ჩემპიონი გახდა იუნიორებს შორის, ამ წლის დასაწყისში კი კარიერაში პირველად მოიგო WTA-ის ტიტული – ეს მონტერეიში მოხდა.

მერვედფინალში ფერნანდესის მეტოქე 2016 წლის ჩემპიონი, გერმანელი ანჟელიკ კერბერი იქნება.