35 წლის ჰოლანდიელმა შემტევმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. „ბაიერნის“ რიგებში გატარებული 2018-2019 წლების სეზონი ბოლო აღმოჩნდა ფეხბურთელისთვის. რობენმა ამ გადაწყვეტილებას ყველაზე რთული უწოდა კარიერაში.
„ბევრი ვიფიქრე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. საბოლოოდ, გადავწყვიტე დავასრულო პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა. ეჭვგარეშეა, ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რაც კი პროფესიული კარიერისას მიმიღია. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც გულმა და გონებამ მიკარნახა“, – განაცხადა რობენმა.
არიენ რობენს ხუთი კლუბის რიგებში უთამაშია: „ბაიერნში“, „რეალ მადრიდში“, „ჩელსიში“, „ეინდჰოვენსა“ და „გრონინგენში“. მას 29 ტიტული აქვს მოგებული. ჰოლანდიელი რვაჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ორჯერ – ინგლისის და თითოჯერ – ესპანეთისა და ჰოლანდიის.
მან 96 მატჩი ჩაატარა ჰოლანდიის ნაკრებში და 37 გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდში მეორე ადგილი დაიკავა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატში და მესამე – 2014 წელს.
პროფესიულ დონეზე რობენს 602 მატჩი ჩაუტარებია. მის ანგარიშზეა 210 გოლი და 162 შედეგიანი გადაცემა.