არჩილ ტატუნაშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ
არჩილ ტატუნაშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს წილკანიდან წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ. ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაგრძელდება.

გამოსვენება დაახლოებით 14:00 საათისთვის არის დაგეგმილი. ეკლესიიდან არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გადაასვენებენ. დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

დაკრძალვის ცერემონიას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებიც დაესწრებიან.

არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა და მიზეზად ე.წ. ექსპერტიზის ვადას ასახელებდა.

ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ. ამოქმედდა ყველა შესაძლო მექანიზმი, რათა ოჯახს ცხედარი დროულად გადასცემოდა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს.

ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.