არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას, ვანიჭებთ პრემიერ-მინისტრის სტატუსს და ლეგიტიმაციას
ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერ-მინისტრის სტატუსს და ლეგიტიმაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მანამდე კი პარლამენტი მთავრობის ამჟამინდელი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დაჩქარებულ ვადებში იმსჯელებს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი განმარტავს, ამით პარლამენტი შესაძლებლობას მისცემს მამუკა ბახტაძეს, რომ მან მთავრობის სტრუქტურის განახლებაზე იმუშაოს.
„ვინაიდან ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონი არის უზენაესი, ამ პროცედურით ჩვენ პარლამენტში ვიცავთ კანონს და ამავე დროს, მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვაძლევთ ლეგიტიმაციას, რომ ეს რეფორმა ჩაატაროს.
იურიდიულ პროცესს, რომელიც ამ კვირაში უნდა გავიაროთ, პარლამენტში სხვა ინტერპრეტაციები არ აქვს და ვერც ექნება. მისი ერთადერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადოთ ახალ პრემიერ-მინისტრს და მივცეთ მას შესაძლებლობა, წარმოადგინოს მთავრობის განახლებული სტრუქტურა და შემადგენლობა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარედგინა.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი დამტკიცდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 19 ივნისს მინისტრობის კანდიდატებსა და სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში.
კობახიძის ინფორმაციით, 20 ივნისს, გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.