ბიუროს სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების პარლამენტში მოსმენის გრაფიკი დამტკიცდა
ბიუროს სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების პარლამენტში მოსმენის გრაფიკი დამტკიცდა

პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა გაუგზავნა. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკიც დამტკიცდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხვალ მინისტრობის კანდიდატებსა და სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში.

კობახიძის ინფორმაციით, 20 ივნისს, გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.

რაც შეეხება კომიტეტების და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში განხილვებს, კობახიძის ინფორმაციით, მომზადებულია შემდეგი გრაფიკი – ხვალ, 10:00 საათიდან ხუთი გაერთიანებული კომიტეტი მოუსმენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა მინისტრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატებს.

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარალელურად გაიმართება სოციალური ბლოკის მოსმენა. გაერთიანებულ კომიტეტზე მოუსმენენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატს, ასევე კულტურისა და სპორტის მინისტრობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატებს.

ხვალ, 11:00 საათზე ასევე გაიმართება ორი პარალელური მოსმენა. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაშიც ბლოკებად იქნება დაყოფილი კომიტეტები და სამინისტროები.

ოთხი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ ექვსი მინისტრობის კანდიდატს. ესენი გახლავთ იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულება და პრობაცია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატები, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი.

ასევე ხვალ, 11:00 საათზე სამი გაერთიანებული კომიტეტი ერთობლივად მოუსმენს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, კომიტეტების ნაწილი დასრულდება 12:00 საათზე შემოთავაზებული გრაფიკის შესაბამისად და შემდეგ იწყება პოლიტიკური ჯგუფების ნაწილი.

მინისტრობის კანდიდატებს 12:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობა მოუსმენს, ასევე მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენლები (13:30 საათი).

14:30 საათზე მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“და ბოლოს საპარლამენტო უმცირესობა (15:30).

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის შემდეგ გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა და უკვე 20 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

მინისტრობის კანდიდატებს გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში თბილისში მოუსმენენ, ხოლო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ქუთაისში გაიმართება.