„აპოელის“ პრეზიდენტი ქეცბაიას ემხრობა - ჩემპიონობისთვის მოედანზე უნდა ვიბრძოლოთ
„აპოელის“ პრეზიდენტი ქეცბაიას ემხრობა - ჩემპიონობისთვის მოედანზე უნდა ვიბრძოლოთ

კვიპროსის მოქმედი ჩემპიონის, ნიქოზიას „აპოელის“ პრეზიდენტმა, პროდრომოს პეტრიდისმა სააღდგომო წერილში ჩემპიონატის დასრულების სურვილი გამოთქვა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მოსაზრებას დაეთანხმა, რომ ჩემპიონმა უპირატესობა მოედანზე უნდა დაამტკიცოს.

„ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგაც კვიპროსის ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატს განაახლებს. დარჩენილია ცხრა თამაში და ჩვენ მზად ვართ, რომ კონკურენტებთან ვიბრძოლოთ და უპირატესობა მოედანზე დავამტკიცოთ. თუ ეს შეუძლებელი იქნება და ჩემპიონატს დასრულებულად გამოაცხადებენ, მაშინ ამის შესახებ კლუბებმა კოლექტიური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ახლა სააღდგომო წმინდა დღეებია და დარწმუნებული ვარ, რომ ღვთის დახმარებით წარმატებას მივაღწევთ და ჩვენ ყველანი სტადიონებზე ერთად დავბრუნდებით,“ – წერს პროდრომოს პეტრიდისი.

კვიპროსის სუპერლიგის გათამაშება კორონავირუსის გამო 23-ე ტურის შემდეგ შეჩერდა, ნიქოზიის „ომონიას“ და ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 46 ქულა დააგროვეს და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. „აპოელი“ კი 40 ქულით მესამე ადგილზეა. ჩემპიონატის შეწყვეტის შემთხვევაში, ჩემპიონად ნიქოზიის „ომონია“ გამოცხადდება, რადგან პირად შეხვედრებში ქეცბაიას გუნდთან უპირატესობა გააჩნია. ფამაგუსტური გუნდი კი ჩემპიონატის შეწყვეტის წინააღმდეგია.