ანზორ ჩუბინიძე - თუ ყოფილ პრეზიდენტებსა და პრემიერებს საფრთხე დაემუქრებათ, მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ
თუ ყოფილ პრეზიდენტებსა და პრემიერებს საფრთხე დაემუქრებათ, მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჩუბინიძის თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ბიუჯეტი რაციონალურად უნდა ხარჯოს.
„რთულია, სათითაოდ გამოვყო, თითოეული თანამდებობის პირის დაცვა სახელმწიფოს რამდენი უჯდება. დაცვის სამსახურის შენახვა სახელმწიფოს 46,5 მლნ ლარი უჯდება. სამსახური ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. საქართველო განვითარების სხვა ეტაპზეა, კრიმინალური სიტუაცია ძალიან კარგი და სახარბიელოა და უნდა ვიფიქროთ, როგორც მოწინავე ევროპულმა ქვეყანამ. რაციონალური ხარჯი უნდა იყოს – სადაც სახელმწიფო დაცვის დანიშვნის საჭიროებაა, უნდა იყოს, სადაც არ არის – იქ უნდა მოვხსნათ“, – აღნიშნა ჩუბინიძემ.
ჟურნალისტებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებასთან დაკავშირებითაც, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო დაცვასთან დაკავშირებული ცვლილებები არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე.
„პოლიტიკური ნიშნით დაცვის დანიშვნა არ მოხდება. პოლიტიკური ნიშნით ვერ იქნება, რადგან მთავრობისთვის სამარცხვინო იქნება, თუ მის ყოფილ პრეზიდენტს რაიმე დაემუქრება. ეს საჭიროების მიხედვით მოხდება. კონკრეტული კრიტერიუმები განისაზღვრება, პრაქტიკული მაგალითით არსებობს.
შეთავაზებული გვაქვს, რომ დაცვა პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვების შემდეგ ერთი წელი დაენიშნებათ. ძალოვანი უწყებების მიერ მოცემული შედეგებით განისაზღვრება, ინფორმაციას მივიღებთ – საფრთხე არსებობს თუ არა. თუ რაიმე რისკი დადგება, მყისიერ რეაგირებას დაცვის სამსახური მოახდენს“, – აღნიშნა ჩუბინიძემ.
რაც შეეხება ყოფილ პრემიერებს – ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს, ანზორ ჩუბინიძის თქმით, კვირიკაშვილთან თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ერთი წელი არ გასულა, შესაბამისად, მას დაცვა შეუნარჩუნდება.
„ერთი წელი ის დროა, როცა შეგვიძლია, პროცესს დავაკვირდეთ და სტატისტიკური მონაცემები ავკრიბოთ, არის თუ არა რაიმე რისკი. ღარიბაშვილის მიმართ ერთი წელია გასული და როცა კანონი ძალაში შევა, დაცვა დიდი ალბათობით შეუწყდება. მთავრობას შეუძლია, გაგრძელებაზე იმსჯელოს, მაგრამ შესაბამისი ინფორმაცია სამართალდამცავი უწყებებისგან უნდა მიიღოს. ირაკლი შოთაძეს დაცვა ექვსი თვე მთავრობის დადგენილებით გაუგრძელდა, შემდეგ ეს საკითხიც მოიხსნება“, – აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.
პრეზიდენტსა და პრემიერს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდებათ, ეს გავრცელდება ყოფილ პრეზიდენტებსა და პრემიერებზეც.