ანტონიუ გუტერეში – სირიაში ჩამოვედი საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ძლიერი მოწოდებით, არ დაიშურონ ძალისხმევა სირიელი ხალხისა და სირიის მთავრობის მხარდასაჭერად

02:31, 27.07.2026

სირიაში ვიზიტით მყოფმა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორგანიზაციის მხარდაჭერა სირიელი ხალხისა და ქვეყნის მთავრობის მიმართ.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ გადამწყვეტ მომენტში სირიელი ხალხის გვერდით დგას. მე ჩამოვედი საერთაშორისო თანამეგობრობისადმი ყველაზე ძლიერი შესაძლო მოწოდებით – არ დაიშურონ ძალისხმევა სირიელი ხალხისა და სირიის მთავრობის მხარდასაჭერად“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, მისივე თქმით, სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას, რათა ქვეყნის აღდგენის პროცესი დაჩქარდეს.

„მივესალმები ნაბიჯებს, რომლებმაც სანქციები შეამსუბუქა და ეკონომიკური აღდგენისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. თუმცა ყველა ეს სანქცია დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას“, – აღნიშნა ანტონიუ გუტერეშმა.

მანამდე 25 ივლისს გუტერეშმა სირიის აღდგენის პროცესში დახმარების პირობა დადო. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გაერო-ს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით სირიაში ჩავიდა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უმეტესობა გააუქმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე თვის დასაწყისში სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას​ აცნობა, რომ აპირებს, სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღოს.

მსგავსი