მაიკ უოლცი – აშშ-ს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა
აშშ-ს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უოლცმა უარყო გავრცელებული ცნობები, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის იარაღის მარაგები ამოწურვის პირასაა.
„მინდა, ნათლად განვაცხადო: აშშ-ის სამხედრო ძალებს, მე ეს ყველა შესაძლო გზით გადავამოწმე, აქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ეს კამპანია მაქსიმალურად ეფექტურად წარმართონ. და უნდა გითხრათ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ სისულელეებს ავრცელებენ, ციხეში ყოფნას იმსახურებენ“, – განაცხადა მაიკ უოლცმა.
„ენბისი ნიუსი“ მანამდეც ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ირანთან ომის გაგრძელების ფონზე აშშ-ის შეიარაღების მარაგები მცირდებოდა. თავდაპირველად, გაერო-ში აშშ-ის ელჩი აცხადებდა, რომ იარაღის მარაგი ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ამოიწურა.
„თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა მემკვიდრეობით მიიღო გამოფიტული სიტუაცია, რაც განპირობებულია არა მხოლოდ უკრაინის ომით, არამედ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს „ჰუსიტებთან“ მიმდინარე ბრძოლისა და ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში დასუსტებული სამხედრო ძალებით“, – აღნიშნა უოლცმა.
ამასთან, მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სამხედროებმა გადაწყვიტეს, ერთი მხრივ, გამოიყენონ ახალი ტიპის, უფრო იაფი საბრძოლო მასალები და ახალი ტექნოლოგიები, ხოლო მეორე მხრივ, თავდაცვის ახალი ბიუჯეტების დახმარებით აღადგინონ და გააძლიერონ აშშ-ის სამხედრო ძალა.