შორეულ წარსულში, ჩვენი გალაქტიკა მთლიანად გვერდზე გადაიხარა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მარტივია, ვიფიქროთ, რომ ჩვენი გალაქტიკა შედარებით სტაბილური ადგილია, სათუთად მოწესრიგებული დისკო, რომელიც მშვიდად მიცურავს სივრცეში. თუმცა, ის შეიძლება იმაზე მეტად ტურბულენტური იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ახალი სიმულაციური კვლევის თანახმად, ირმის ნახტომის მთელი დისკო მილიარდობით წლის განმავლობაში პატარა გალაქტიკების შეჯახებათა შედეგად შეიძლება თანდათანობით გვერდზე გადაიხარა და ხელახლა ორიენტირებას ახდენს ბნელი მატერიის უზარმაზარ ჰალოში.
ეს თეორია კიდევ ერთია იმ მრავალ მტკიცებულებას შორის, რომელთა მიხედვითაც, 13,6-მილიარდწლიანი არსებობის განმავლობაში, ირმის ნახტომმა მრავალი არეულობა განიცადა და ამით შეიძლება აიხსნას გალაქტიკის ზოგიერთი უფრო იდუმალი საქციელები.
„პროექტი დაიწყო ვარსკვლავური ჰალოს ბრუნვითი სიჩქარის კვლევით. ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო კავშირის პოვნა ვარსკვლავური ჰალოს ბრუნვასა და დისკოში გადახრებს შორის, რაც ასახავს ირმის ნახტომის და ზოგადად გალაქტიკების კომპლექსურ ბუნებას, — ამბობს ბრიტანეთის დარემის უნივერსიტეტის ასტრონომი კირილ ბატრაკოვი.
ბატრაკოვმა და მისმა კოლეგებმა კვლევის შედეგები სამეფო ასტრონომიული საზოგადოების 2026 წლის ეროვნულ ასტრონომიულ შეხვედრაზე წარადგინეს.
ირმის ნახტომის დისკო არის ის, რაც ადამიანთა უმეტესობას თვალწინ უდგება, როცა გალაქტიკას წარმოიდგენენ და სრულიად სამართლიანადაც.
სწორედ ამ თხელ სტრუქტურაში იყრის თავს ირმის ნატხომის ნორმალური მატერიის უმეტესი ნაწილი — სპირალურ მკლავებში გადანაწილებული ყველა ვარსკვლავი, გაზი, მტვერი და ქვა, რომლებიც გალაქტიკის ცენტრის გარშემო ვენტილატორის პირების მსგავსად ტრიალებენ.
თუმცა, დისკო ყველაფერი არ არის. ირმის ნახტომი უხეშად სფერულია; გალაქტიკური სიბრტყის ზემოთ და ქვემოთ გამოშვერილია ვრცელი გუმბათები, სადაც მეჩხრად გვხვდება უძველესი ვარსკვლავები. ეს გუმბათები წარმოქმნის ვარსკვლავურ ჰალოს და ეს ყველაფერი მოთავსებულია ბნელი მატერიის გიგანტურ ბუშტში, რომელსაც ბნელი მატერიის ჰალოს უწოდებენ.
ბოლო ათწლეულებში, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გაუშვა თანამგზავრი „გაია“, რომელიც აღრიცხავდა ირმის ნახტომის ვარსკვლავთა ადგილმდებარეობას და მოძრაობას; მან ჰალოში რაღაც უცნაური დააფიქსირა. გალაქტიკის გარეუბნებში ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრის გარშემო იმაზე გაცილებით ნელა მოძრაობდნენ, ვიდრე ეს გალაქტიკის მასიდან გამომდინარე იყო მოსალოდნელი.
ერთი შესაძლებლობის თანახმად, წინა ანალიზებში ირმის ნახტომის მასა არასათანადოდ იყო შეფასებული.
ბატრაკოვსა და მის კოლეგებს სხვა იდეის შესწავლა სურდათ.
კოსმოსურ სიმულაციათა კრებულის, სახელად Auriga-ს გამოყენებით, მკვლევრებმა მოახდინეს ირმის ნახტომის მსგავსი რამდენიმე გალაქტიკის ბრუნვის სიმულაცია სამყაროს ისტორიის ადრეულ ეტაპზე.
სიმულაციებმა აჩვენა, რომ გალაქტიკებს, რომლებიც უფრო ადრე წარმოიქმნა და განიცადეს დიდი შეჯახება-შერწყმები, უფრო მეტად ახასიათებთ გაცილებით ნელა მბრუნავი ვარსკვლავური ჰალოები.
მართლაც არსებობს რამდენიმე მტკიცებულება იმისა, რომ შორეულ წარსულში ირმის ნახტომი მრავალ სხვადასხვა პატარა გალაქტიკას შეეჯახა და შეერწყა; ამის შესახებ ვიცით ვარსკვლავთა ნაკადებიდან, რომელთა ქიმიური შემადგენლობაც მიუთითებს, რომ ისინი ბობოქარ გარემოში წარმოიქმნენ; ამაზე მეტყველებს ირმის ნახტომის დისკოში არსებული მერყევი დეფორმაციაც.
ერთ-ერთი ასეთი შეჯახება დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ მოხდა, როცა ირმის ნახტომს შეეჯახა სოსისის ფორმის გალაქტიკა, რომელსაც ასტრონომებმა გაია-სოსისი უწოდეს.
ჯგუფის სიმულაციების თანახმად, ამ შეჯახებას უნდა წარმოექმნა გრავიტაციული ბრუნვის მომენტი, რომელმაც ნელ-ნელა შეატრიალა ირმის ნახტომის დისკო მისი გარემომცველი ბნელი მატერიის ჰალოს შიგნით.
შედეგად კი მივიღეთ ვარსკვლავური ჰალო, რომელიც მოსალოდნელზე გაცილებით ნელა ბრუნავს.
„დისკოს ორიენტაცია 90 გრადუსზე მეტით უნდა გადახრილიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ირმის ნახტომი არ უნდა გადაწოლილიყო გვერდზე, არც თავდაყირა ამოტრიალებულიყო. ზოგადად, გადახრა შეიძლება მოხდეს დისკოს შედარებით თანდათანობითი დახრით, ვიდრე ის 90 გრადუსს არ მიაღწევს“, — ამბობს ბატრაკოვი.
მისი თქმით, დედამიწიდან რომ დაგვენახა, ყველაზე დიდი ცვლილება მოხდებოდა ღამის ცაზე, რადგან ვარსკვლავთა ადგილმდებარეობის ცვლილების გამო, წარმოიქმნებოდა ახალი თანავარსკვლავედები.
საინტერესოა, რომ ბატრაკოვის ჯგუფი ერთადერთი ჯგუფი არაა, რომელიც ამ დასკვნამდე მივიდა.
2026 წლის დასაწყისში ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა მიერ ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ირმის ნახტომის ბნელი მატერიის ჰალო თითქმის პერპენდუიკულარულადაა მიმართული ვარსკვლავური დისკოსადმი.
ისინიც მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე სავარაუდო ახსნა ისაა, რომ გალაქტიკური დისკო მილიარდობით წლის განმავლობაში თანდათან იცვლის მიმართულებას.
დისკოს გადახრები საკმაოდ გავრცელებულია კოსმოლოგიურ სიმულაციებში, მაგრამ უცნობია, ასეა თუ არა რეალობაშიც.
თუმცა, თუკი მკვლევართა ეს ორი ჯგუფი მართალია, შესაძლოა, მოძრაობამ საბოლოოდ ახსნას ირმის ნახტომის სხვა უცნაური მახასიათებლები.
„ირმის ნახტომის ვარსკვლავური ჰალოს ბრუნვის უკიდურესად დაბალი სიჩქარიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სავარაუდო ახსნაა დისკოს გადახრა, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა, რომ ამაში 100 პროცენტით ვიყო დარწმუნებული. იდეალურ შემთხვევაში, უნდა ვცადოთ რომ დისკოს წარსულში გადაბრუნებათა ალტერნატიული ხელწერები გამოვავლინოთ, რათა ამ მტკიცებაში სრულად დავრწმუნდეთ“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის დარემის უნივერსიტეტის ასტრონომი კირილ ბატრაკოვი.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.