ანტონიო ბარტოლი - საქართველოში რაგბის საზაფხულო კემპის მოწყობის შესახებ ვილაპარაკეთ
საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს იტალიასა და საქართველოს შორის რაგბში პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების საკითხები და სამომავლო გეგმები. მხარეები კონკრეტულ პროექტზეც შეთანხმდნენ – გადაწყდა, რომ საქართველოში საზაფხულო კემპი გაიმართება, სადაც იტალიელი ბავშვებიც გვესტუმრებიან.
„მადლობა საქართველოს რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელობას ამ შეხვედრისთვის. ჩვენ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ვილაპარაკეთ. სიამოვნებით გავიხსენეთ ფლორენციაში იტალიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა. ივნისში კიდევ ერთი მატჩი გველის – ამჯერად შვიდკაცა რაგბის ნაკრებები შეხვდებიან. ამას გარდა, ვილაპარაკეთ საქართველოში საზაფხულო კემპის მოწყობის შესახებ, რომელიც თბილისში ან ქუთაისში გაიმართება. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. საქართველო იმსახურებს მეტ ყურადღებას და ამ საქმეში რაგბს დიდი როლი შეუძლია ითამაშოს“, – ამბობს საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.
გოჩა სვანიძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „მადლობა ბატონ ელჩს, დრო რომ გამონახა და შეგვხვდა. გავიხსენეთ იტალიისა და საქართველოს ნაკრებების ისტორიული მატჩი. გასაგები მიზეზების გამო, ეს დაძაბული დაპირისპირება იყო და ლოგიკური შედეგით დასრულდა. მაგრამ არ გვინდა, ეს თამაშები შემთხვევიდან შემთხვევამდე ტარდებოდეს“.
სვანაძემ კონკრეტული პროექტების შესახებაც ილაპარაკა: „მსოფლიო რაგბი ისტორიული გადაწყვეტილების მიჯნაზეა და რაგბის განვითარებას რომ არ ჩამოვრჩეთ, აუცილებელია, იტალიასთან და სხვა წამყვან სარაგბო ქვეყნებთან უშუალო ურთიერთობები დავამყაროთ. ესაა ჩვენი მიზანი. იტალიასთან სპორტული ქიშპობა გვქონდა, მაგრამ დროა, ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდეს, ამ კავშირებით კი ერთმანეთს გავამდიდრებთ. ვილაპარაკეთ ეროვნული ნაკრებების განმეორებით შეხვედრაზე, მსოფლიო რაგბის სიახლეებსა და სხვა თემებზე. ბატონი ელჩი დაგვპირდა, რომ დაგვეხმარება ასაკობრივი ნაკრებების თამაშებისა და ერთობლივი შეკრებების ორგანიზებაში. წლეულს კი საზაფხულო კემპის ჩატარება გვსურს“.