ანტონი ბრაზილიის ნაკრებიდან გარიცხეს - ფეხბურთელი ყოფილ შეყვარებულზე ფიზიკურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბი ანტონი სექტემბრის მატჩებზე ბრაზილიის ნაკრების განაცხადიდან გაიყვანეს.
ფეხბურთელი გამოძახებული იყო მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ბოლივიისა და პერუს ნაკრებების წინააღმდეგ, მაგრამ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის ნაცვლად ნაკრებში „არსენალის“ ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი ჩავა.
„ანტონის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ფაქტების გამო, რომელიც ორშაბათს გახდა ცნობილი და რომელიც გამოძიებას საჭიროებს, ასევე სავარაუდო მსხვერპლის დაცვის მიზნით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია იტყობინება, რომ ფეხბურთელი გარიცხულია შემადგენლობიდან“, – წერია განცხადებაში.
ანტონი ეჭვმიტანილია ოჯახურ ძალადობასა და ყოფილი შეყვარებულის მიმართ მუქარაში. მანჩესტერის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ამა წლის ივნისში ანტონის ყოფილმა შეყვარებულმა, გაბრიელა კავალინმა სან პაულუს პოლიციას მიმართა. მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ძალადობაში, მუქარასა და ტრავმების მიყენებაში დაადანაშაულა.
დიჯეიმ და ინფლუენსერმა ინტერვიუ მისცა ბრაზილიურ ვებგვერდ UOL-ს, ასევე წარმოადგინა ტრავმების ფოტოები და სქრინშოტები.
კავალინის ნათქვამიდან ირკვევა, რომ ანტონი პირველად მას 2022 წლის 1 ივნისს დაესხა თავს, როცა გოგონა ფეხმძიმედ იყო და ბრაზილიაში შვებულებაში იმყოფებოდა. ის ამტკიცებს, რომ ანტონი მას სწრაფი სიჩქარით მიმავალი მანქანიდან გადაგდებით ემუქრებოდა.
„მან მითხრა, რომ თუ მასთან არ ვიქნებოდი, მაშინ არ ვიქნებოდი არავისთან. შიშისგან ვკანკალებდი“, – განაცხადა კავალინმა.
ასევე, გოგონამ გაიხსენა ინციდენტი, რომელიც 2023 წლის 15 იანვარს მოხდა. მაშინ ფეხბურთელმა ეჭვიანობის ნიადაგზე მკერდის არეში ხელი ჩაარტყა გაბრიელას, რომელსაც სილიკონის იმპლანტის შეცვლის ოპერაცია დასჭირდა.
ძალადობის ბოლო შემთხვევა ამა წლის 8 მაისს იყო. გოგონას სიტყვებით, ბრაზილიელმა ჭიქა ესროლა, მან ხელი დაუხვედრა და თითზე ღრმა ჭრილობა მიიღო.
„ანტონიმ სახლის კარი ჩაკეტა და წასვლის საშუალება არ მომცა, მე კი თითი ძვლამდე მქონდა გაჭრილი. მან ჩემი ნივთები დაამსხვრია და პასპორტი წამართვა“, – განაცხადა გოგონამ.
აღნიშნავენ, რომ კავალინმა განცხადებით მიმართა არა მხოლოდ ბრაზილიის, არამედ ინგლისის პოლიციასაც.