ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას ვურჩევ, სიძულვილის ენის შესახებ ევროპული კონვენციის მიდგომას გაეცნონ
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას ვურჩევ, სიძულვილის ენის შესახებ ევროპული კონვენციის მიდგომას გაეცნონ

ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დავიცვათ, ასევე უზრუნველვყოთ საზოგადოების ინტერესების გატარება, რომ წინასაარჩევნო კამპანია დავცალოთ პოლარიზებული გარემოსგან, სადაც არა ხედვა და იდეოლოგია, არამედ სიძულვილის, ქსენოფობიური ენითა და ღირსების შემლახველი სიტყვებით საუბარი ჭარბობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ამისგან დაიღალა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლების მიზანი არ არის, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

„საზოგადოების დაკვეთაა პარტიებისგან მოისმინოს ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის განვითარება, რა იდეოლოგიაზე არიან დაფუძნებული და როგორია მათი ხედვა მომავლის განვითარების. ოპოზიციას ვურჩევ, გაეცნონ ევროპული კონვენციის მიდგომას სიძულვილის ენაზე. ევროკონვენცია არ ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს სიძულვილის ენით საუბარს. გამოხატვის თავისუფლება საშუალებას იძლევა, შეიზღუდოს, სიძულვილისა და ქსენოფობიური ენით საუბარი. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალიან ბევრი სიტყვა იყო გამოყენებული, რომ ღირსების შემლახველი შეფასებებით მომხდარიყო კანდიდატის დისკრედიტაცია. კონკურენცია ერთმანეთის მიმართ სიძულვილსა და ღირსების შემლახველ შეფასებებს არ ნიშნავს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა დღეს გრძელდება. გუშინ შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს. ამასთან, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტით, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.