ანრი ოხანაშვილი - ნებისმიერი პირი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ჩვენთვის მიუღებელია
ანრი ოხანაშვილი - ნებისმიერი პირი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ჩვენთვის მიუღებელია

ნებისმიერი პირი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ფსევდოპატრიოტიზმია, როდესაც პოზნერის სტუმრობა გააპროტესტა ხალხმა, რომელიც შემჩნეულია რუსეთთან კავშირში.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სტუმართმოყვარეობაც და მასპინძლობაც. ფსევდოპატრიოტები ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ფსევდოპატრიოტიზმია, როდესაც რაღაცას აპროტესტებს ის ხალხი, რომელიც შემჩნეულია ოკუპანტ სახელმწიფოსთან კავშირში. დიდი სიამოვნებით დავიწყებდი მუშაობას ლუსტრაციის კანონზე. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, ამ ქვეყანაში ვინ ვინ არის. ამის მიხედვით, ასეთი ფსევდოპატრიოტებიც ბევრს ვეღარაფერს მოაწყობდნენ.

ნებისმიერი ცივილური და გულწრფელი პროტესტი მისაღებია,  გააჩნია პროტესტის ფორმას და ვინ აპროტესტებს. „ქართული ოცნების“ მკვეთრი პოზიციაა, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, დაიწყება თუ არა ლუსტრაციის კანონზე მუშაობა, ოხანაშვილმა უპასუხა, რომ საზოგადოების ფართო კონსენსუსის შემთხვევაში, ამ კანონპროექტის ინიციატორი სიამოვნებით იქნება.

„ვნახოთ, ამ საკითხს სიამოვნებით დავსვამ. საზოგადოებამ იმსჯელოს ამ საკითხზე, საჭიროა თუ არა. ვფიქრობ, საჭიროა, რადგან ფსევდოპატრიოტებს და ფსევდოპატრიოტიზმს წერტილი დაესვას. ადამიანებს, რომლებიც ასეთი ყალბი პათეტიკით ვითომ რაღაცას აპროტესტებენ, თავის სახელი უნდა დავარქვათ. ამაზე საზოგადობის ფართო კონსენსუსი თუ იქნება, დიდი სიამოვნებით ვიქნები ამ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორიც და მომხსენებელიც“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მიერ ქართველი სამართალდამცველებისთვის გადახდილ მადლობას, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის მადლობა არავის სჭირდება.

„არავის სჭირდება ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის მადლობა. თავისთვის შეინახონ, საერთოდ არ გვჭირდება არავის მადლობა. ჩვენ ვატარებთ დეოკუპაციის პოლიტიკას. ოკუპანტი ქვეყნის ისეთი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვისაც და ჩვენი გუნდისთვისაც“, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.