„ანორთოსისის“ ქართველები მზად არიან - ოქრიაშვილი, სავარაუდოდ, ძირითადში ითამაშებს
„ანორთოსისის“ ქართველები მზად არიან - ოქრიაშვილი, სავარაუდოდ, ძირითადში ითამაშებს

დღეს, 25 ოქტომბერს, „ანორთოსისი“ საკუთარ სტადიონზე ნიქოზიას „აპოელს“ მიიღებს – კვიპროსული მედიის ცნობით, თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილის დახმარებას იმედოვნებს.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გუნდთან ერთად მატჩისწინა ვარჯიშზე იყო და სრული დატვირთვით ემზადებოდა.

„როგორც ჩანს, თორნიკე ოქრიაშვილი თემურ ქეცბაიას განკარგულებაშია და დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ის ვარჯიშზე იყო და ყოველგვარი პრობლემის გარეშე ემზადებოდა. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ მან გადალახა პრობლემა, რომელიც საქართველოს ეროვნული
ნაკრების თამაშების დროს შეექმნა“, – წერს გამოცემა „ფილნიუსი“.

თორნიკემ კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრა „ნეა სალამინასთან“ გამოტოვა – ნაკრებში მის მიერ მიღებული ტრავმა მძიმე არ გამოდგა, მაგრამ თემურ ქეცბაიამ დაასვენა.