ანგელა მერკელი - რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ღირებულებების, წესების კანონი და თავის სამეზობლოში მოუგვარებელი კონფლიქტების სარტყელი შექმნა
ანგელა მერკელი - რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ღირებულებების, წესების კანონი და თავის სამეზობლოში მოუგვარებელი კონფლიქტების სარტყელი შექმნა

რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ღირებულეებისა და წესების კანონი და თავის უშუალო სამეზობლოში მოუგვარებელი კონფლიქტების სარტყელი შექმნა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კონრად ადენაუერის ფონდში დისკუსიის დროს განაცხადა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ჰანდელსბლატი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მერკელმა ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უდავოა, რომ გერმანიის თავმჯდომარეობისას რუსეთი პრობლემებს შექმნის.

„რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ღირებულებებისა და წესების კანონი. რუსეთმა შექმნა მოუგვარებელი კონფლიქტების სარტყელი თავის უშუალო სამეზობლოში და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ის მხარს უჭერს მარიონეტულ რეჟიმებს აღმოსავლეთ უკრაინაში და თავს ესხმის დასავლური დემოკრატიებს, მათ შორის გერმანიას, ჰიბრიდული საშუალებებით“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

კანცლერის თქმით, ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის დროს რუსეთის გამო ბევრი სამუშაო იქნება. ამასთან, მერკელის განცხადებით, ევროკავშირის თავმჯდომარეობას გერმანია გამოიყენებს რუსეთთან კრიტიკული და კონსტრუქციული დიალოგს გასაგრძელებლად.

„ამის საფუძველი შეიძლება, იყოს მხოლოდ იმის გაცნობიერება, რომ საერთაშორისო ურთიერთობები ემყარება არა ყველაზე ძლიერების სამართალს, არამედ სამართლის სიძლიერეს“, – აღნიშნა კანცლერმა.

პირველი ივლისიდან გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ხორვატიისგან გადაიბარებს.