ანდრია გვიდიანი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების ინიციატივა ბიზნესთან სახიფათო თამაშია
ანდრია გვიდიანი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების ინიციატივა ბიზნესთან სახიფათო თამაშია

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატივასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ეს არის მოქალაქეებსა და კერძო ბიზნესს შორის ურთიერთობებში უხეში ჩარევა, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ბიზნესის ინტერესებს.

„შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების ინიციატივა ბევრ ნაკლოვანებას შეიცავს და მისი შემოთავაზებული ფორმით მიღება კატეგორიულად მიუღებელია. აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, მოქალაქეებსა და კერძო ბიზნესს შორის ურთიერთობებში ხდება უხეში ჩარევა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მსგავსი ცვლილებები იქნება მნიშვნელოვანი მუხრუჭი კერძო ბიზნესის განვითარებისთვის. მინდა, ყველა კანონმდებელს შევახსენო, რომ საქართველო ადგას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის გზას და ბუნებრივია, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ პრინციპების საწინააღმდეგოა, სერიოზულად არც უნდა განიხილებოდეს“, – განაცხადა გვიდიანმა.

მისივე აზრით, ეკონომიკის განვითარების მთავარ საფუძველს ძლიერი ბიზნესი წარმოადგენს და ყველა ინიციატივა თუ კანონი ამ ღირებულებაზე უნდა იყოს მორგებული.

„ერთი რამ კარგად უნდა გვახსოვდეს – ძლიერი ქვეყანა დგას ძლიერ ეკონომიკაზე, ხოლო საკუთრივ ძლიერი ეკონომიკა დგას ძლიერ ბიზნესსზე. შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც სხვადასხვა რეგულაციით თუ კანონით გაუაზრებლად ხდება ბიზნესთან სახიფათო თამაში. იმედს ვიტოვებ, აღნიშნული ინიციატივა, რომელიც, საბედნიეროდ, საკანონმდებლო ორგანოში არც კი დარეგისტრირებულა, რეალობა არ გახდება და მხოლოდ ინიციატივად დარჩება“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.