ანდრეი კასიანოვი - კონსულტაციები შეიძლება, ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში, უკრაინის ელჩის მოვალეობის შესასრულებლად დაბრუნების შესახებ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საგარეო უწყებას
კონსულტაციები შეიძლება, ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში, უკრაინის ელჩის მოვალეობის შესასრულებლად დაბრუნების შესახებ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საგარეო უწყებას, ომის პირობებში დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს ვერ გაგიმხელთ, – განაცხადა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თქვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩი გაწვეული იყო პირველ მარტს კონსულტაციებზე. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამდებობრივ პირობებში, კონსულტაციები შეიძლება, ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. როგორც იცით, უკრაინაში სამი კვირაა, საომარი მდგომარეობაა და საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. ომის პირობებში დიპლომატია ასევე შორდება კლასიკურობას. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის, ომის დროს ელჩის მოღვაწეობას.
ასევე, მინდა, ყურადღება მივაქციო შემდეგ საკითხზე – მიუღებლად მიგვაჩნია გუშინდელი შემთხვევა, როდესაც გადამღები ჯგუფი უმარკო მანქანით, ლოგოს გარეშე, პაპარაცულ სტილში ელოდა ელჩის მეუღლის გამოჩენას, როდესაც ის ბრუნდებოდა რეზიდენციაში და ამ დროს ჟურნალისტმა სცადა მისთვის კითხვების დასმა. მადლობელი ვართ რედაქტორების, რომ არ გაუშვეს ეს კადრები. ჩვენ მაქსიმალურად გახსნილი ვართ საუბრისთვის. გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს პრესსამსახურს და ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად სრულყოფილად, რამდენადაც შესაძლებელია ომის ვითარებაში, ყველა მიმართვაზე გიპასუხოთ“, – განაცხადა კასიანოვმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი პირველ მარტს გაიწვია. უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი დღეს დილით საელჩოს შენობაში მივიდა.