ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი მზადყოფნას გამოთქვამს, პარლამენტში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე მოხსენებით წარდგეს
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი მზადყოფნას გამოთქვამს, პარლამენტში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე მოხსენებით წარდგეს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების ინიციატივას ეხმაურება. კომპანიის გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი მზადყოფნას აცხადებს, ეწვიოს პარლამენტს ღია ფორმატის შეხვედრაზე, გააკეთოს მოხსენება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და პასუხი გასცეს პროექტის ირგვლივ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კონსორციუმი ასევე მიესალმება სამინისტროს ჩართულობას ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა დღეს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო ფორმატში პროექტთან დაკავშირებით შესაძლო განხილვაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულების ფარგლებში მზად ვართ, მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე. სასურველი იქნებოდა, ეს ერთობლივად მოხდეს სამინისტროსთან ერთად, უფრო საქმიან ფორმატს შესძენს ამას“, – განაცხადა ახვლედიანმა.

დამოუკიდებელი დეპუტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, მხარეებს პარლამენტში შეხვედრას და საკითხზე დისკუსიის გამართვას სთავაზობენ. შესაბამისი მიმართვა ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა მოამზადეს, რომელიც მათი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორ ლევან ახვლედიანს უკვე გაეგზავნა.