ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მხარეებს პარლამენტში დისკუსიას სთავაზობენ
ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მხარეებს პარლამენტში დისკუსიას სთავაზობენ

დამოუკიდებელი დეპუტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, მხარეებს პარლამენტში შეხვედრას და საკითხზე დისკუსიის გამართვას სთავაზობენ.

შესაბამისი მიმართვა ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა მოამზადეს, რომელიც მათი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორ ლევან ახვლედიანს უკვე გაეგზავნა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ორივე მხარეს საქართველოს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრაზე გიწვევთ. საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე ვფიქრობთ, აღნიშნული შეხვედრა ყველა მხარეს საშუალებას მისცემს, ანაკლიის პორტის თემაზე ღიად ისაუბროს, რათა საზოგადოებამ ამომწურავი პასუხები მიიღოს და ორივე მხარის პოზიცია გაიგოს. თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენთვის მისაღები თარიღი 21-25 ოქტომბრის მონაკვეთში შეგვატყობინოთ”, – აღნიშნულია მიმართვაში.