„ამნესტი ინტერნეშენალი“ (Amnesty International) ეგვიპტის ხელისუფლებას მუჰამედ მურსის გარდაცვალების საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენალი“ (Amnesty International) ეგვიპტის ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის გარდაცვალების საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. ისლამისტი ექსპრეზიდენტი მუჰამედ მურსი დღეს კაიროში სასამართლო პროცესის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა.
„მოვუწოდებთ ეგვიპტის ხელისუფლებას, ჩაატაროს მურსის გარდაცვალების გარემოებების მიუკერძოებელი, დეტალური და გამჭვირვალე გამოძიება, მათ შორის შეისწავლოს მისი გარესამყაროსგან იზოლაციაში ყოფნის პირობები“, – ნათქვამია „ამნესტი ინტერნეშენალის“ განცხადებაში.
უფლებადამცველები ასევე მოუწოდებენ ეგვიპტის ხელისუფლებას, გამოიძიოს მურსისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხი. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, ისლამისტური მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერი, 67 წლის მუჰამედ მურსი 17 ივნისს სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა, სადაც ჯაშუშობის ბრალდების საქმე განიხილებოდა. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა. 2015 წლის აპრილში მუჰამედ მურსის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი საპროტესტო გამოსვლებისას დაკავებისა და წამების ბრძანების გაცემაში ცნეს დამნაშავედ.
მუჰამედ მურსიმ ეგვიპტეში „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ, 2012 წელს ჩატარებული პირველი კონკურენტული არჩევნების შედეგად გაიმარჯვა. 2013 წლის ივლისში ის სამხედრო მაღალჩინოსნებმა გადააყენეს, რის შემდეგაც ქვეყანას სათავეში აბდელ ფათაჰ ალ-სისი ჩაუდგა, რომელმაც მოძრაობა „მუსლიმთა საძმო“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.