ამერიკული და ბრიტანული პრესა - ტრამპი სირიაში რუსეთის ავიაბაზაზე იერიშის მიტანას განიხილავდა
ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი და ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი წერენ, რომ 14 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ერთობლივი ავიაიერიშის სამიზნედ შესაძლოა, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ქცეულიყო, რომელიც ტარტუსის ბაზაზეა დისლოცირებული.
ორივე გამოცემის ინფორმაციით, პენტაგონში კოორდინირებული თავდასხმის სამიზნედ სამ ვარიანტს განიხილავდნენ.
პირველი ვარიანტის თანახმად, სამიზნე ის სამი ობიექტი უნდა ყოფილიყო, რომელზეც 14 აპრილს აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა კოორდინირებული ავიადარტყმა განახორციელა. ესენია ჰომსში მდებარე ქიმიური იარაღის ორი საცავი და საკვლევი ლაბორატორია დამასკოში, სადაც სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის წარმოებაზე მუშაობდა.
მეორე ვერსიის ფარგლებში, ზემოთ ჩამოთვლილ ობიექტებთან ერთად, ავიაიერიში დამასკოში მდებარე სირიის ჯარების შტაბზეც უნდა მიეტანათ.
მესამე ვარიანტი კი კოორდინირებული ავიადარტყმის სამიზნედ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასაც განიხილავდა. გამოცემების ინფორმაციით, ეს უკანასკნელი დონალდ ტრამპს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა გადააფიქრებინა.