ეთიოპიაში, ტიგრაის რეგიონში ავიადარტყმის შედეგად სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა
ეთიოპიაში, ტიგრაის რეგიონში ავიადარტყმის შედეგად სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა

ეთიოპიაში, ტიგრაის რეგიონში ავიადარტყმის შედეგად, სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სამედიცინო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალება თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ტიგრაის რეგიონის ქალაქ ტოგოგაში დაიბომბა ბაზარი. თავის მხრივ, სააგენტო „ესოშიეითიდ პრესის“ მიერ მოპოვებული მონაცემებით, ავიადარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-ს აღემატება.

ბოლო დღეებში რეგიონში საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა. ტიგრაის რეგიონში ეთიოპიის ფედერალურ ძალებსა და „ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის“ წევრებს შორის დაპირისპირება გასული წლის ნოემბერში გამწვავდა.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაიწყო სამხედრო ოპერაცია აჯანყებულების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის მმართველობის სისტემის შეცვლას ითხოვენ და რამდენიმე სამხედრო ბაზა დაიკავეს.

2020 წლის ნოემბრიდან დაწყებულ საომარ მოქმედებებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. გაერო-ს მონაცემებით, სურსათის დეფიციტს ტიგრაის რეგიონში ხუთ მილიონამდე ადამიანი განიცდის, 350 ათასზე მეტი კი შიმშილის პირობებში ცხოვრობს.