„ამერიკის ბოისკაუტები“ სექსუალური ძალადობის შესახებ საჩივრების გამო გაკოტრდა
„ამერიკის ბოისკაუტები“ სექსუალური ძალადობის შესახებ საჩივრების გამო გაკოტრდა. როგორც ტელეკომპანია „ენბისი“ იუწყება, ორგანიზაციამ გაკოტრების შესახებ განცხადება შესაბამის უწყებებს უკვე წარუდგინა.
ჟურნალისტების ცნობით, ორგანიზაციის გაკოტრებულად გამოცხადების შემდეგ, ყველა სამოქალაქო საჩივრის განხილვა შეჩერდება. როგორც „ამერიკის ბოისკაუტების“ წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი აპირებენ, შექმნან სპეციალური ფონდი, რომელიც „ძალადობის მსხვერპლს სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფს“.
„ჩვენი ორგანიზაცია ზრუნავს ძალადობის ყველა მსხვერპლზე და გულწრფელად უხდის ბოდიშს თითოეულს, ვინც დაზარალდა სკაუტად ყოფნის დროს. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ზოგიერთი ადამიანი ჩვენი პროგრამებით სარგებლობს და ამ გზით უდანაშაულო ბავშვებს აზიანებს“, – აცხადებენ „ამერიკის ბოისკაუტებში“.
„სიენენის“ ცნობით, ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც 300-ზე მეტი დაზარალებულის ინტერესს იცავს, აცხადებს, რომ „ამერიკის ბოისკაუტების“ წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებში საუბარია „პორნოგრაფიაზე და სექსუალური კავშირის იძულებაზე“.
როგორც „გარდიანი“ წერს, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადასახდელად „ამერიკის ბოისკაუტებს“ მათ მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილის გასხვისება მოუწევთ. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ კომპენსაციის საერთო ოდენობამ შესაძლოა, მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
„ამერიკის ბოისკაუტებში“ აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესების მიმდინარეობის პერიოდში, მათი პროგრამები არ შეჩერდება.