ხუთი წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული მამაკაცი კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ დააკავეს
ხუთი წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული მამაკაცი კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ დააკავეს

კახეთის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხუთი წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში მხილებული მამაკაცი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

სამართალდამცველებმა ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 58 წლის მამაკაცის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთი წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობაში დადანაშაულებულ მამაკაცს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადების დროს ბრალდებული შინ იმყოფებოდა, თუმცა დასაკავებლად მისულ სამართალდამცველებს ის უკვე გაქცეული დახვდათ, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით გვიან ღამემდე აქტიურად მიმდინარეობდა.

საქმე ეხება გასული წლის ზაფხულში მომხდარ ფაქტს. ხუთი წლის გოგონას მონაყოლით, ოჯახის ახლობელმა, 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა ის მოტყუებით საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აიყვანა, იძულებით შეიყვანა საძინებელ ოთახში და გაუპატიურება სცადა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მიმდინარე წლის მაისში 58 წლის მამაკაცის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რის შემდეგაც დაზარალებულმა მხარემ პროტესტი არაერთხელ გამოხატა და სააპელაციო სასამართლოს მიმართა.