ამერიკელმა ნევროლოგებმა შაკიკის მკურნალობისა და პრევენციის ახალი სახელმძღვანელო გამოსცეს — #1tvმეცნიერება
ამერიკელმა სამედიცინო ექსპერტებმა გააფართოვეს რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა მიიღოს შაკიკის წამლები და რა პროფილაქტიკური პრეპარატების დანიშვნაა შესაძლებელი.
ექსპერტთა პანელი სისტემატურად აანალიზებდა არსებულ მტკიცებულებებს და რამდენიმე საკვანძო განახლება შეიტანა 2012 წლის სახელმძღვანელოში, რომელიც ამერიკის ნევროლოგიის აკადემიამ (AAN) და ამერიკის თავის ტკივილის ასოციაციამ (AHS) გამოსცეს.
ახალი რეკომენდაციები ჟურნალ Headache-ში სპეციალურ სტატიაშია გამოქვეყნებული და მოწონებულია ამერიკის ოჯახის ექიმების აკადემიის მიერ.
„შაკიკი ყველაზე ხშირი მიზეზია, რომლის გამოც ადამიანები ნევროლოგს აკითხავენ და კიდევ უფრო ხშირად გვხვდება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში. მკურნალობის ახალმა საშუალებებმა რევოლუცია მოახდინა მილიონობით ადამიანის მოვლაში აშშ-სა და მთელ მსოფლიოში“, — ამბობს ამერიკის თავის ტკივილის ასოციაციის (AHS) პრეზიდენტი, ნევროლოგი მეთიუ რობინსი.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ახალი სახელმძღვანელო პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ დამაუძლურებელი თავის ტკივილი ან შაკიკით გამოწვეული ტკივილი, გაუადვილებს ეფექტიან პრევენციულ მკურნალობას — იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტექნიკურად არ აქვთ შაკიკის შეტევები ან ქრონიკული დაავადება.
ქრონიკული შაკიკი არის თავის ტკივილი, რომელიც თვეში 15 დღეზე მეტხანს, სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება.
ყველა თავის ტკივილი ნამდვილი შაკიკი არ არის, მაგრამ სულ მცირე რვას შაკიკის მახასიათებლები აქვს, როგორიცაა თავის ერთ მხარეს პულსაციის შეგრძნება, გულისრევა ან სინათლისა და ხმის მიმართ მგრძნობელობა.
თუმცა, ახალი სახელმძღვანელოები ირწმუნება, რომ პრევენციული მკურნალობით სარგებელი შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, მაშინაც კი, თუ ისინი თვეში ამდენ შაკიკს არ განიცდიან.
სახელმძღვანელოების (გაიდლაინი) განახლების მიხედვით, აშშ-ში კლინიცისტებმა ახლა პრევენციული მკურნალობა უნდა შესთავაზონ შაკიკით დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც თვეში ოთხ ან მეტ საშუალო და მძიმე თავის ტკივილს ან შაკიკის შეტევას განიცდიან ან მათ, ვისაც სხვა შემთხვევაში აღენიშნებათ შაკიკთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეზღუდულობა.
ახალი კლინიკური რეკომენდაციები იურიდიულად სავალდებულო არ არის, მაგრამ ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის (AAN) პრეზიდენტი ნატალია როსტი ამბობს, რომ „ისინი წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს ნევროლოგებისთვის და სხვა კლინიცისტებისთვის, რათა უზრუნველყონ შესაძლოთა შორის საუკეთესო მზრუნველობა“.
ამ ცვლილებების დასაბუთება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ შაკიკის პრევენციის შესახებ ჩატარებული მრავალი კლინიკური კვლევა საჭიროებს თვეში ოთხ ან მეტ შაკიკის ეპიზოდს, რათა მონაწილე კვლევისთვის შესაფერისი იყოს, ეფექტები კი შთამბეჭდავია.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ თვეში თავის ტკივილის ეპიზოდების სიხშირე ძირითადი საპროგნოზო ფაქტორი იმისა, გადაიქცევა თუ არა ადამიანის მდგომარეობა ქრონიკულ ფორმაში.
„პრევენციულმა მკურნალობამ შეიძლება შეიძლება მოახდინოს შაკიკის ეპიზოდურიდან ქრონიკულში გადაზრდის პრევენცია“, — განმარტავენ სახელმძღვანელოს ავტორები.
ამიტომ, ახალი სახელმძღვანელოს მიხედვით, ახალ პრეპარატებზე წვდომა უნდა მიეცეთ იმათაც, ვისაც შაკიკის შეტევები ან თავის მწვავე ტკივილები აქვთ.
CGRP-ის სამიზნე პრეპარატები პირველი მედიკამენტებია, რომლებიც სპეციალურად შაკიკის პრევენციისთვის შეიქმნა.
ატოგეპანტი, ერენუმაბი, ფრემანეზუმაბი, გალკანეზუმაბი და ეპტინეზუმაბი — ახლა უკვე რეკომენდებულია, როგორც პირველი ხაზის მედიკამენტები შაკიკის მქონეთათვის.
ერთი ყოველდღიური აბია, მეორე ინფუზია, დანარჩენები კი ინექციები. კლინიკურ ცდებში მათ აჩვენეს ეფექტიანობის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება შაკიკის შეტევის პრევენციაში.
ქრონიკული შაკიკის მქონეთათვის, სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს ბოტოქსიც, რომლის შეთავაზებაც კლინიცისტებს ახლა უკვე შეუძლიათ პაციენტებისთვის. 2012 წლის სახელმძღვანელოში ის ნახსენები არ იყო, მაგრამ AAN-ის მიერ თავის ტკივილისთვის რეკომენდებულია 2016 წლიდან.
სამწუხაროდ, ვინაიდან შაკიკის პაციენტები პრევენციულ საშუალებებზე ძლიერ სხვადასხვაგვარად რეაგირებენ, სწორი ფარმაცევტული პროდუქტის პოვნას შეიძლება გარკვეული ცდა და შეცდომა დასჭირდეს.
ისინი ყოველთვის ერთნაირად არ მოქმედებენ ყველა ინდივიდზე და ზოგიერთს არასასურველი გვერდითი მოვლენებიც აქვს.
რაც უფრო მეტია არჩევანი, მით უკეთესი.
„კვლევები აჩვენებს, რომ მედიკამენტების მრავალი სხვადასხვა ტიპი შეიძლება ეფექტიანი იყოს შაკიკის შეტევის პრევენციაში და სიმპტომების შემცირებაში. სახელმძღვანელოში შედის რეკომენდაციები როგორც უკვე დამკვიდრებული, ისე ახალი პრეპარატებისთვის. თუკი ერთი ტიპის წამალი კარგად არ მუშაობს, სხვა ტიპის შეიძლება ეფექტიანი იყოს. მნიშვნელოვანია, კლინიცისტებმა და პაციენტებმა იცოდნენ, რომ არსებობს მრავალი ვარიანტი“, — ამბობს სახელმძღვანელოს ავტორი, ვერმონტის უნივერსიტეტის მკვლევარი რებეკა ბურჩი.
2026 წლის სახელმძღვანელოში ეპიზოდური და ქრონიკული შემთხვევების ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტები დაყოფილია.
ეპიზოდუირი შაკიკისთვის, მაღალი ეფექტიანობის საუკეთესო მტკიცებულებები აქვს ატოგეპანტს, ეპტინეზუმაბს, ერენუმაბს, ფრემანეზუმაბს, გალკანეზუმაბს, პროპრანოლოლს, ტოპირამატსა და ვალპროატს.
ქრონიკული შაკიკისთვის რეკომენდებულია იგივე პრეპარატები, პლუს კიდევ ერთი ვარიანტი — ბოტოქსი.
შემდეგ ავტორები დამატებით განმარტავენ, ამ ფარმაცევტული პრეპარატებიდან რომელს აქვს ყველაზე მეტი გვერდითი მოვლენა ან შესაძლო გრძელვადიანი ან უცნობი ზიანი.
ფიბრომალგიის და შაკიკის ერთდროულად მქონეებს ახალი სახელმძღვანელო ურჩევს ამიტრიპტილინს.
„შაკიკის შეტევების სამკურნალოდ მედიკამენტების ზედმეტად ხშირად გამოყენებას „მედიკამენტების ჭარბი მოხმარება“ ეწოდება. მწვავე შაკიკის შეტევების სამკურნალოდ მედიკამენტების ხშირი გამოყენება ერთ-ერთი მანიშნებელია იმისა, რომ პაციენტს შევთავაზოთ პრევენციული მკურნალობა ან ოპტიმიზაცია“, — წერენ ავტორები 2026 წლის რეკომენდაციებში.
სახელმძღვანელოს თანახმად, შაკიკი არის მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე დაავადება, რომელიც მერყეობს სიხშირით, სიმძიმითა და ხანგრძლივობით.
პრევენციული მკურნალობიდან ექვსი თვის შემდეგ, კლინიცისტებმა უნდა განიხილონ თანდათანობითი შემცირების სარგებელი და რისკები, მათ შორის იმის შესაძლებლობა, რომ შაკიკის შეტევები შეიძლება უფრო გახშირდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ (მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები ცოტაა).
„არსებობს სხვადასხვა ეფექტიანი პროფილაქტიკური მედიკამენტი, რომლებიც სხვადასხვა გზით მოქმედებენ, მათ შორის მედიკამენტების ახალი კლასები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოვიდა. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ შაკიკის ხშირი შეტევები ან შეტევები, რომლებიც გავლენას ახდენს ნორმალურ ფუნქციონირებაზე, ეს სახელმძღვანელო დაეხმარება კლინიცისტებს განსაზღვრონ, თუ რომელი პროფილაქტიკური მედიკამენტები შეიძლება დაეხმაროს მათ“, — ამბობს სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, კანადის კალაგარის უნივერსიტეტის ნევროლოგი თამარა პრინგშაიმი.
კვლევა ჟურნალ Headache-ში გამიოქვეყნდა.
მომზადებულია aan.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.