მაისში გადატანილი რთული ოპერაციის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი პირველ კომენტარს აკეთებს და საავადმყოფოს პერსონალს მადლობას უხდის. 76 წლის შოტლანდიელი არც თაყვანისმცემლებს ივიწყებს, რომელთაც ასევე მადლობას უხდის ძლიერი მხარდაჭერისთვის.
„მთელი მსოფლიოდან მივიღე წერილები და ამან ძალიან ამიჩუყა გული“, – განაცხადა ფერგიუსონმა სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში.
ლეგენდარულ საფეხბურთო სპეციალისტს სასწრაფო ოპერაცია 5 მაისს ჩაუტარეს, რისი მიზეზიც ტვინში სისხლის ჩაქცევა იყო.
„მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა. დამიჯერეთ, ისინი რომ არა, მე დღეს აქ არ ვიჯდებოდი. ახლა კიდევ რამდენიმე თვე მჭირდება და გუნდის თამაშებსაც აუცილებლად ვნახავ. ამასობაში კი წარმატებები ბიჭებს და მოურინიოს“, – აცხადებს ფერგიუსონი.