ალბანეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა
ალბანეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ალბანეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. დაშავებულია 325-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად, ორ ათასამდე სამართალდამცველია ჩართული.

დაზარალებულები ტირანას საავადმყოფოში მოინახულა ქვეყნის პრეზიდენტმა, ილირ მეთამ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ადამიანი გოლემის რაიონში, სასტუმროს ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაიღუპა. სამი ადამიანი დურესში პალატის ჩამონგრევას ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი გოგოა. კიდევ ორი ადამიანი ქალაქ ტუმანში დაიღუპა, ერთი კი საცხოვრებელი ბინის აივნიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ტირანადან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე დასახლებაში ორი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, კიდევ ორი შენობა ქალაქ კავაიში დაინგრა, სადაც სავარაუდოდ ამ დრომდე ნანგრევებში არიან მოყოლილი დაზარალებულები. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ეკიპაჟები.

6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ალბანეთის დედაქალაქ ტირანას მახლობლად გამთენიისას მოხდა, რასაც განმეორებითი ბიძგები მოჰყვა. ალბანეთს დახმარება უკვე შესთავაზეს მეზობელმა სახელმწიფოებმა. სტიქიის ზონაში საგანგებო სამსახურის თანამშრომლები, ექიმები და სამაშველო ჯგუფები გაგზავნა თურქეთმაც.