ალბანეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, სოციალისტები ლიდერობენ
ალბანეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, სოციალისტები ლიდერობენ

ალბანეთში, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, სოციალისტები ლიდერობენ. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ეგზიტპოლის მიხედვით, ალბანეთის სოციალისტური პარტია, რომლის თავმჯდომარეც ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ედი რამაა, ამომრჩეველთა ხმების 44 პროცენტს მიიღებს.

ოპოზიციური პარტიების კოალიციას კი არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 42 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მესამე ადგილზეა „სოციალისტური მოძრაობა ინტეგრაციისთვის“, რომელიც ხმების 6,9 პროცენტს აგროვებს.

არჩევნები ალბანეთში „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში გაიმართა, საარჩევნო კამპანიას თან ახლდა ხისტი დაპირისპირება ორ მთავარ პოლიტიკურ პარტიასა და მათ მხარდამჭერებს შორის, რასაც გასულ კვირას ერთ-ერთი აქტივისტის მკვლელობა მოჰყვა.

ალბანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45,5 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, ალბანეთის ცესკო-მ ხმის ფოსტით მიცემა არ დაუშვა და კოვიდინფიცირებულებს არჩევანის გაკეთების უფლება არ მისცეს. შარშან დამტკიცებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, არჩევნებზე ელექტრონული იდენტიფიკაციის სისტემა ამოქმედდა. თუმცა, 5199 საარჩევნო უბნიდან 142-ში შესაბამისი ელექტრონული აღჭურვილობის ამუშავება ვერ მოხერხდა.