ალაბამის შტატის სენატმა აბორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა, კანონდარღვევისთვის ექიმს 99-წლიანი პატიმრობა დაემუქრება
ალაბამის შტატის სენატმა აბორტის აკრძალვას დაუჭირა მხარი. შესაბამის დოკუმენტს 25 კანონმდებელი მიემხრო, ექვსი კი წინააღმდეგი იყო.
მათი გადაწყვეტილებით, კანონგარეშედ ითვლება გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევებში გაკეთებული აბორტებიც. ახალი კანონპროექტის თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კანონის დარღვევის მცდელობისთვის ექიმს 10-წლიანი პატიმრობა დაემუქრება. ხოლო იმ შემთვევაში, თუ კონკრეტული ექიმი აბორტს მაინც გააკეთებს, ამისთვის 99-წლიანი პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.
კანონპროექტს ალაბამის სენატამდე ჯერ წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში ცვლილების სასარგებლოდ ხმა 74 პირმა მისცა. წინააღმდეგი მხოლოდ სამი იყო. ახლა დოკუმენტი ალაბამის შტატის რესპუბლიკელ გუბერნატორ კეი აივეის გადაეცემა. ხელმოწერის შემდეგ კანონპროექტი ძალაში შევა. ჯერ უცნობია, მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს გუბერნატორი, თუმცა ის აბორტის მოწინააღმდეგეა.
აბორტის მოწინააღმდეგეები იმედოვნებენ, რომ ახალი კანონი 1973 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში აბორტი ლეგალური გახდა. თუმცა, ახალ კანონპროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ქალთა უფლებების ეროვნულ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ცვლილება არაკონსტიტუციურია და მხოლოდ პოლიტიკურ სარჩულს ატარებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების ცნობით, ამ ხერხით აბორტის მოწინააღმდეგეები მოახლოებულ არჩევნებში ამომრჩევლის ხმების მოპოვებას ცდილობენ.
ბოლო პერიოდში აშშ-ში რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად შტატებში აბორტის აკრძალვაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ. მხოლოდ 2019 წელს შესაბამისი კანონპროექტი უკვე 16 შტატში წარადგინეს.