აკაკი იაშვილი - საქართველოში 2030 წლამდე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უნდა დავიბრუნოთ #1TVSPORT
თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე პრეზიდენტად აკაკი იაშვილი აირჩიეს.
ფიდე-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორს, რომელიც ოთხი წელი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხმა 49-დან 48 დელეგატმა მისცა. მისი თქმით, საქმიანობის მთავარ მიზნად საქართველოში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას ისახავს.
„უპირველესად, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, გია გიორგაძეს, რომელმაც ბევრი გააკეთა საქართველოში ჭადრაკის განვითარებისთვის. ჩვენ დევიზი იქნება „ყველაფერი უმაღლესი შედეგისთვის“. ფედერაცია ამუშავდება მეტი ძალისხმევით იმისათვის, რომ შედეგები გაიზარდოს და, რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა 2030 წლამდე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დავიბრუნოთ. მესმის, რომ ამბიციური ამოცანაა, მაგრამ ამის რესურსი გაგვაჩნია.
ვიმუშავებთ ფედერაციის რებრენდიგზე, გავაძლიერებთ ძალისხმევას მარკეტინგის მიმართულებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჭადრაკი გაუტოლდეს ოლიმპიურ სახეობებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბავშთა ჭადრაკს და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. 2023 წელს ბათუმში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი 8-18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში და მსოფლიო ჩემპიონატი საჭადრაკო კომპოზიციაში, რომელიც მიეძღვენება კომპოზიციების შედგენაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, დავით გურგენიძის 70 წლის იუბილეს.
კომპანია „სოკარი ენერჯი ჯორჯია“განიხილავს შესაძლებლობას, რომ დაბრუნდეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სპონსორად. მუშაობა სხვა სპონსორების მოძიებაზეც მიმდინარეობს. საჭადრაკო სფეროც ძალიან დააზიანა მთელ ქვეყანაში მიმდინარე ე.წ ტვინების გადინებამ. შეიქმნა კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ჩვენი ამოცანაა ახალგაზარდა მწვრთნელების გადამზადება, რათა მათ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხონ. კარგად მუშაობს ბოლო წლებში დანერგილი მწვრთნელთა წახალისების სისტემა – მწვრთნელები მოსწავლეების შედეგების მიხედვით ღებულობენ ხელფასს მთელი წლის განმავლობაში.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბრძანებით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ჭადრაკი დაემატა. უმოკლეს დროში მომზადდა ჭადრაკის სწავლების სტანდარტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ შეარჩია და ტრენინგის ჩასატარებლად გადაამზადა ჭადრაკის 20-მდე სპეციალისტი.
დაბოლოს, მინდა, წარმატება ვუსურვო ქართველ მოჭადრაკეებს, რომლებიც უახლოეს დღეებში ყაზახეთში მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში“, – განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა.