გია გიორგაძე - ნონამ ეპოქა შექმნა, მილიონობით ადამიანს კი ეს არაზუსტად მიაწოდეს და ამიტომ ფილმში უზუსტობა უნდა გასწორდეს #1TVSPORT
გია გიორგაძე - ნონამ ეპოქა შექმნა, მილიონობით ადამიანს კი ეს არაზუსტად მიაწოდეს და ამიტომ ფილმში უზუსტობა უნდა გასწორდეს #1TVSPORT

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მინისერიალი, „ლაზიერის გამბიტი”, რომლის გამოც ლეგენდარულმა ქართველი მოჭადრაკე ქალმა, ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსს“ უჩივლა, დაინტერესებულ ადამიანებს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის.

ლაზიერის გამბიტი“ უკვე 62 მილიონმა ადამიანმა ნახა – მინისერიალის წარმატებამ ჭადრაკის მიმართ ინტერესი გაზარდა. Google-ში ჭადრაკზე ინფორმაციის მოძიების სიხშირე გაორმაგდა, eBay-ზე ჭადრაკის ნაკრებებზე მოთხოვნა 250%-ით გაიზარდა, ონლაინ სივრცესა და სოციალურ ქსელში კი ახალი მოთამაშეების რაოდენობამ ხუთჯერ იმატა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, გია გიორგაძის აზრით, მილიონობით მაყურებელმა ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეზე მინისერიალიდან დამახინჯებული ინფორმაცია მიიღო.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ფილმი მილიონობით ადამიანმა ნახა. სწორედ ამიტომ სიმართლე უნდა იყოს მთავარი. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი მოჭადრაკე ქალი იყო პირველი, რომელმაც მამაკაცებთან დაიწყო თამაში. ის იყო პირველი ქალი, ვინც მამაკაცებში საერთაშორისო დიდოსტატი გახდა – ეს მთელი ეპოქაა და ყველა ქალისთვის პრესტიჟულია. ამიტომ ფილმის შემქმნელებს მოუწევთ უზუსტობა გაასწორონ და სიმართლე თქვან“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გია გიორგაძემ.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ამ მიზნით წამოწყებული სასამართლო დავა ყველაზე ცივილიზებული გადაწყვეტილება:

„ცივილურ სამყაროში დავის მოსაგვარებლად არსებობს სასამართლო, ამიტომ მიმართა ქალბატონმა ნონამ იურიდიულ ფირმას, რომელსაც ამერიკაში პარტნიორები ჰყავს. მათი მეშვეობით ხდება ამ სიმართლის გატანა. ეს ცივილური ფორმაა და იმედი მაქვს, უზუსტობა გასწორდება“.

ნონა გაფრინდაშვილი 1978 წელს ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელსაც კაცთა შორის დიდოსტატის წოდება მიანიჭეს. ის ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულია.