აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლების მხრიდან მავნებლობაა იმ ნარატივის გაძლიერება, რომ გაბუნიას განცხადების გამო, პუტინმა შეიძლება ომი დაგვიწყოს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას განცხადება ფორმითაც და შინაარსითაც მიუღებელი იყო, თუმცა გაცილებით უფრო მიუღებელი, სამარცხვინო და მავნებლური საქართველოს ხელისუფლების რეაქცია იყო, როცა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განცხადება ჟურნალისტის მოქმედებაზე გააკეთეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება გაუგონარი საქციელი იყო, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, მომხდარს შეფასება მისცეს.
„ხელისუფლების მხრიდან მავნებლობაა იმ ნარატივის გაძლიერება, რომ გაბუნიას განცხადების გამო, პუტინმა შეიძლება ომი დაგვიწყოს. თუ პუტინს საქართველოსთან ომი უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში მიზეზს მოძებნის. ორ სავარაუდო ტურისტს შემოუშვებს, რომელთაც კონფლიქტს მოაწყობინებს და ამ ორი ტურისტის დაცვის საბაბით შემოვა. სახელმწიფო უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს და ხალხში ცრუ პანიკას არ უნდა თესავდეს, რადგან თავი პოლიტიკურად მომგებიან სიტუაციაში ჩაიყენოს. როგორც იქნა, ხელისუფლება გაბუნიას განცხადებას ჩაებღაუჭა, როგორც მაშველ ხავსს და ჩათვალა, რომ ახლა მოიპოვეს მორალური პლაცდარმი, რომ თავისი არსებობის შესახებ თავი შეგვახსენოს. რაც შეეხება ტელევიზიასთან გამართულ აქციას, აბსურდულია, როცა კერძო საკუთრებიდან მეპატრონეების გარეშე ვინმეს გადაყენებას ითხოვენ. იქ იყო ხალხი, ვინც კორცხელშია შემჩნეული, ვისაც 20 ივნისიდან აქციაზე ვხედავდით, როგორც პროვოკატორებს, ასევე იყო ხალხი, ვინც ამბობდა, რომ პუტინის დედის გინებას ვერავის აპატიებდა, მაგრამ ეს ხალხი მზადაა, არათუ დედის გინება, არამედ რუსეთს ქართველი ქალებისა და ბავშვების გაუპატიურებები და მკვლელებობები მოითმინონ, ითმენენ და ცხოვრების გაგრძელებას ასე აპირებენ“, – განაცხადა ბობოხიძემ.
„რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. მოგვიანებით, ამ საკითხზე ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული მიმართვა შეაფასა, „როგორც პროვოკაცია, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილი, მიმართული საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“. საკითხს გამოეხმაურნენ ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვები.
გიორგი გაბუნიას მონოლოგი მოქალაქეთა ნაწილმაც გააპროტესტა და „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, შეეწყვიტა მაუწყებლობა „რუსთავი 2“-ს, ბოდიში მოეხადათ. მოგვიანებით, მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ტელეკომპანიასთან აქცია გამთენიისას დასრულდა.
„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე განაახლა და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.