ადამიანის სხეული შეიძლება ორ სხვადასხვა ეტაპად ბერდება და ერთ ორგანოს ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

14:59, 03.09.2026

დაბერება გარდაუვალია, მაგრამ ნამდვილად არ არის თანმიმდევრული.

შეიძლება გვგონია, რომ დაბერებას სწრაფად, სწორხაზოვნად, დღითი-დღე, კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე მივყავართ ოქროს წლებამდე, მაგრამ როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, დაბერება უფრო მოზაიკური და არაერთგვაროვანია და ძირითადად ჰორმონული სიგნალები მართავს.

ჟურნალ Nature Aging-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში აღწერილია სტრუქტურული ცვლილებები ადამიანის ათეულობით ქსოვილში; აღმოჩნდა, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილი დაბერების საოცრად ცვალებად გრაფიკს მიჰყვება.

ზოგიერთი მათგანი სწრაფად იცვლება 30-იანი წლების ასაკში. ზოგიც შედარებით სტაბილური რჩება დაახლოებით მენოპაუზამდე ქალებში. და ზოგი, როგორც ჩანს, დაჩქარებული დაბერების ორ განსხვავებულ პერიოდს გადიან.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხეულში არ უნდა მიმდინარეობდეს რაიმე ერთი „დაბერების პროცესი“. ამის ნაცვლად, სხვადასხვა ორგანოს და სხეულის სისტემას შეიძლება საკუთარი ქრონოლოგია ჰქონდეს — და სხვადასხვა ორგანოთა სისტემას შეუძლია ერთმანეთზე გავლენა მოახდინოს.

ამის დასადგენად, მკვლევართა ჯგუფმა კალიფორნიის სენფორდ ბერნჰემ პრებისის სამედიცინო აღმოჩენათა ინსტიტუტის კომპიუტერული ბიოლოგის, სანჯუ სინჰას ხელმძღვანელობით, შექმნა კომპიუტერული სისტემა, სახელად PathStAR-ი, რომლითაც გააანალიზა ქსოვილების მიკროსკოპული სტრუქტურა რუტინულ პათოლოგიურ სურათებში.

იმის ნაცვლად, რომ ადამიანის ქრონოლოგიური ასაკის გამოცნობაში გაწვრთნილიყო, სისტემამ შეაფასა ქსოვილის ცვლილების ფიზიკური არქიტექტურა.

მკვლევრებმა PathStAR ანალიზი გამოიყენეს 21-დან 70 წლამდე ასაკის 970 დონორის 25 000-ზე მეტი სიკვდილის შემდგომი ქსოვილის ნიმუშის გამოსახულებებზე, რომლებიც 40 სხვადასხვა ტიპის ქსოვილს მოიცავდა.

„ეს გახლავთ საჯარო მონაცემთა ბაზა, რომელსაც ასეულობით ჯგუფი იყენებს, მაგრამ თითქმის ყველა იყენებს მოლეკულურ მონაცემებს. იქ ათეულობით ტერაბაიტი ვიზუალური მონაცემია თითქმის ხელუხლებელი“, — ამბობს სინჰა და გულისხმობს Genotype-Tissue Expression Project-ს, რომლისთვისაც შეგროვდა ნიმუშები.

სხეულის ყველაზე ადრე დაბერებულ ნაწილებს შორის იყო არტერიები; მათი სტრუქტურული ცვლილების ყველაზე სწრაფი პერიოდი 30-იან წლებში დგება. ეს ემთხვეოდა პათოლოგიის ჩანაწერებს, რომლებიც აჩვენებს, რომ არტერიებში ადრეული ფოლაქების წარმოქმნა ასევე ყველაზე მკვეთრად იზრდება სწორედ ამ პერიოდში (30-დან 40 წლამდე), მოგვიანებით კი ნელდება.

ადამიანებს, რომელთა არტერიებსაც უფრო დაჩქარებული სტრუქტურული დაბერება აღენიშნებოდათ, ასევე მეტი ჰქონდათ ათეროსკლეროზის (რა დროსაც არტერიებში ფოლაქები გროვდება და შედეგად, ისინი მაგრდება) ალბათობა.

მიუხედავად იმისა, რომ 30-იანი წლები შეიძლება ძალიან ადრე ჩანდეს „ხანდაზმულობისთვის“, თქვენი არტერიები აშკარად ვერ იცდიან.

საქმე სულ სხვაგვარად იყო რეპროდუქციული სისტემის შემთხვევაში.

ქალის სხეულში, საშვილოსნო და ვაგინა შედარებით სტაბილური დარჩა ზრდასრულობის ადრეულ წლებში, შემდეგ კი ყველაზე დიდი სტრუქტურული ცვლილებები აღინიშნა 50-იანი წლების დასაწყისში და შუაში — დაახლოებით მენოპაუზაში გადასვლისას.

ცვლილებებს შორის იყო ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა ქსოვილის ატროფია და ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს კედლის შიგნითა ლორწოვანი შრე) გათხელება, რაც შესაბამისობაშია ესტროგენის დონის შემცირების ეფექტებთან.

საკვერცხეები ისევ განსხვავებული იყო. სტაბილურად შეცვლის ნაცვლად, საკვერცხის ქსოვილს აღენიშნა სტრუქტურული დაბერების „აფეთქება“ დაახლოებით 35-40 წლამდე შუალედში და მეორედ 55-60 წლის შუალედში, ანუ პოსტმენოპაუზურ პერიოდში.

ქსოვილის ფიზიკურ სტრუქტურაში ეს მახასიათებელი მკვლევრებმა დაინახეს, მიუხედავად იმისა, რომ გენის ექსპრესიისა და დნმ-ის მეთილირების შედარებითმა ანალიზებმა ერთი და იგივე ორი პიკი არ აჩვენა.

ასეთივე ორეტაპიანი დაბერების მახასიათებელი აღენიშნებოდა სხვა ორგანოებსაც.

დანარჩენი 14 ქსოვილიდან ცხრამ, რომლისთვისაც მკვლევრებმა შეძლეს მაღალი ნდობის ტრაექტორიების დადგენა, აჩვენა ე. წ. „ორფაზიანი“ დაბერება — დაჩქარებული სტრუქტურული ცვლილების ორი პერიოდი, როგორც წესი, 30-იან და 50-იან წლებში.

მათ შორის იყო ორგანოები, რომლებსაც აშკარად არაფერი აქვს საერთო რეპროდუქციასთან — საყლაპავი მილი, კუჭი, მსხვილი ნაწლავი და წვრილი ნაწლავი. მამაკაცის სხეულში დაბერების ამ მახასიათებელს მიჰყვებოდა პროსტატა და სათესლეები.

ამიტომ, როგორც ჩანს, ეს ორგანოები სინქრონულად ბერდება და კავშირები მხოლოდ ახლომდებარე ორგანოებით არ შემოიფარგლება.

ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ მსხვილი ნაწლავისა და საყლაპავი მილის აჩქარებული სტრუქტურული დაბერება, ასე ხდებოდა მათი პროსტატის შემთხვევაშიც, მაგრამ სინქრონულობა უფრო ფართოდ გავრცელებული ჩანდა.

„ჩვენ მიერ შესწავლილი ქსოვილების ნახევარზე მეტი საკვერცხეების სტრუქტურულ დაბერებას მიუყვებოდა. ამიტომ, ჩვენ საკვერცხეებს მთელი სხეულის დაბერების ერთგვარ ტონის დამწესებლად მივიჩნევთ.

გადამწყვეტი შეიძლება იყოს ჰორმონები, რადგან ისინი ჩვენს სხეულს სასიგნალო მოლეკულების სახით ავსებენ; ისინი მხოლოდ რეპროდუქციული სისტემით არ შემოიფარგლება.

„ყველაზე მკვეთრი ვარდნა (ჰორმონების სიგნალირების ტევადობაში) მოხდა კუჭ-ნაწლავის ქსოვილებში, რაც შესაბამისობაშია ესტროგენის რეცეპტორების ცნობილ ექსპრესიასთან საჭმლის მომნელებელ ეპითელიუმში და მათ როლთან ლორწოვანი გარსის ბარიერის შენარჩუნებაში“, — წერენ მკვლევრები.

ამგვარად, ლოგიკურია, რომ ნაწლავები საშვილოსნოს ან პროსტატის მსგავსი ტემპით ბერდება.

სხვადასხვა ორგანოებში, აჩქარებულ სტრუქტურულ დაბერებას ერთნაირი ხელწერა ჰქონდა — ენერგიის წარმოების, უჯრედების პროლიფერაციისა და უჯრედების ხარისხის კონტროლის სისტემების შემცირებასთან ერთად, მეტი ანთება ფიქსირდებოდა.

მკვლევართა განცხადებით, იმის გაგება, თუ როგორ ბერდება ორგანოები და სისტემები, თანდათანობით შეცვლის ჩვენს მიდგომას დაბერების შესანელებელ ინტერვენციებთან მიმართებით. დაბერების ერთგვაროვან პროცესად მიჩნევის ნაცვლად, შესაძლოა, უფრო გონივრული იყოს კონკრეტული ორგანოების მიზანში ამოღება იმ პერიოდებში, როდესაც ისინი ყველაზე დაუცველები არიან.

„რეპროდუქციული დაბერებისგან დასაცავი თერაპიების შექმნით, ვხედავთ პოტენციალს, რომ დავიცვათ სხვა მრავალი ორგანო და გავზარდოთ სიცოცხლის ზოგადი ხანგრძლივობა“, — ამბობს სინჰა.

ამ კვლევას რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობა აქვს. პირველი — ნიმუშები სიკვდილის შემდგომია და იმას, თუ როგორ დაიღუპა ადამიანი, შეიძლება გავლენა ჰქონდეს მათი ქსოვილების ასაკზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

მკვლევრები აცნობიერებენ იმასაც, რომ ცვლილება ყოველთვის არ ნიშნავს დაბერებას.

„ასაკთან დაკავშირებული ყველა ცვლილება აუცილებლად ფუნქციურ დასუსტებაზე არ მიუთითებს; ზოგიერთი შეიძლება ასახავდეს ადაპტურ რემოდელირებას ან ბუნებრივ ვარიაციას“, — წერენ მკვლევრები.

ანალიზებმა ასევე გამოიყენა შედარებით ფართო ასაკობრივი ფანჯრები, ამიტომ მას ზუსტად არ შეუძლია გვითხრას, როდის იწყება ინდივიდის ქსოვილებში ცვლილებები.

თუმცა, ეს კვლევა, როგორც ჩანს, აჩვენებს, რომ სავარაუდოდ, ჩვენს სხეულს არ აქვს მხოლოდ ერთი ბიოლოგიური საათი, რომელიც სწრაფად მუშაობს.

მას შეიძლება ათეულობით ასეთი საათი ჰქონდეს და ყველა მათგანი ერთსა და იმავე დროს არ აჩვენებს.

კვლევა ჟურნალ Nature Aging-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია sbpdiscovery.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი