აბას არაღჩი – აშშ-თან ამჟამად მოლაპარაკებები არ გვაქვს, შუამავლების მეშვეობით შეტყობინებების გაცვლა მიმდინარეობს, მაგრამ ამას მოლაპარაკება არ ეწოდება

21:20, 09.08.2026

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამჟამად მოლაპარაკებები არ გვაქვს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებს შორის შუამავლების მეშვეობით შეტყობინებების გაცვლა მიმდინარეობს.

„მოლაპარაკებას თავისი განსაზღვრება აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, მოლაპარაკება კონკრეტულ საკითხზე მიმდინარეობს, რათა გარკვეულ შედეგს მიაღწიონ. ამჟამად შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები არ გვაქვს. დიახ, შუამავლების მეშვეობით შეტყობინებების გაცვლა მიმდინარეობს, მაგრამ ამას მოლაპარაკება არ ეწოდება, ამას შეტყობინებების გაცვლა ეწოდება. შუამავლები კვლავ ცდილობენ, მოლაპარაკებების განახლებისთვის საჭირო საფუძველი შექმნან. ჩვენი პოზიციით, ვიდრე მემორანდუმის დარღვევები არ შეწყდება და აშშ არ აანაზღაურებს იმ ზიანს, რომელიც მემორანდუმის დარღვევით მიაყენა, მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა არ არსებობს“, – განაცხადა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ირანი და ომანი დროებითი საზღვაო მარშრუტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა ეს ჰორმუზის სრუტის გახსნას არ ნიშნავს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-მა მემორანდუმის დარღვევისთვის ირანს რეპარაციები უნდა გადაუხადოს. მისი თქმით, ვაშინგტონი ირანის გაფრთხილებებს უგულებელყოფდა და სრუტის გავლით ალტერნატიული მარშრუტის შექმნას ცდილობდა.

მსგავსი