7x7-ზე საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო - გოგონათა შორის გამარჯვებული ლაგოდეხში გამოვლინდება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით, 16-წლამდე გოგონათა შორის 7×7-ზე საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო, რომელიც სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე იმართება.
ფესტივალის გახსნაზე მონაწილე გუნდებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით კახა ჭუმბურიძემ მიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა გამოსვლაში მასობრივი და გოგონათა ფეხბურთის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით, გოგონათა საფეხბურთო ფესტივალი კამპანია #Weplaystrong-ის ფარგლებში იმართება. ფესტივალის პირველ დღეს ტურნირში თბილისის, წალკის, თეთრიწყაროსა და გორის 8 გუნდი ჩაერთო. საფეხბურთო ფესტივალის შემდეგ ტურს პირველ ივლისს კასპი უმასპინძლებს, ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.
25 ივლისის ჩათვლით, 7×7-ზე საფეხბურთო ფესტივალი მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება და საუკეთესო ოთხი გუნდი #Weplaystrong-ის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება, რომელსაც სფფ-ის ლაგოდეხის ტექნიკური ცენტრი უმასპინძლებს. საფეხბურთო ფესტივალის ნახევარფინალური და ფინალური დაპირისპირებები იქ ჩატარდება და გამარჯვებულებიც გამოვლინდება.