პირველი მედალი ბათუმიდან - შოთა მიშველიძემ აკვრაში ოქროს მედალი დაისაკუთრა [ფოტო]
პირველი მედალი ბათუმიდან - შოთა მიშველიძემ აკვრაში ოქროს მედალი დაისაკუთრა [ფოტო]

ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ აკვრაში ოქროს მედალი მოიპოვა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ატაცის შემდეგ 125 კილოგრამით მეოთხე იყო, აკვრაში კი 147-ით დაიწყო, თუმცა მცდელობა წარუმატებელი გამოუვიდა. მიუხედავად ამისა, მეორე ცდაზე მსოფლიოს პრიზიორმა ქართველმა ძალოსანმა შტანგა ორი კილოგრამით დაამძიმა და როგორც გაირკვა, რისკმა გაამართლა. მთავარი რისკი კი ამის შემდეგ იყო. მესამე მისვლაზე აქცენტი მხოლოდ ოქროზე გამახვილდა და სიმძიმე მთელი ექვსი კილოგრამით გაიზარდა. უკვე საკმაოდ ტიტულოვანმა ქუთაისელმა ათლეტმა კი დავალებას თავი იდეალურად გაართვა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. ორჭიდის ჯამში, მიშველიძე საბოლოოდ 281 კილოგრამით მეოთხე იყო.

წინასწარ შეკვეთილ წონებს აკვრაში ქართველმა სპორტსმენებმა თითო კილოგრამი ჩამოაკლეს. რამინ შამილიშვილმა, რომელმაც პირველ დისციპლინაში 124 კილოგრამით მეექვსე ადგილი დაიკავა, მეორეში 144 კილოგრამით დაიწყო და სიმძიმე მარტივად დაიმორჩილა. რამინმა მეორე ცდაზე 149 კილოგრამი შეუკვეთა და წონა ამჯერადაც დამაჯერებლად დასძლია. წარმატებული გამოდგა მესამე მისვლაც, რომლის დროსაც შამილიშვილმა 152 კილოგრამი აკრა. ამ შედეგით აჭარელი სპორტსმენი საბოლოოდ აკვრაშიც და ორჭიდშიც მეხუთე ადგილზე გავიდა. ორჭიდის ოქროს მედალი საბოლოოდ ამ წონაში ბელორუს ჰენადი ლაპცეუს ერგო.

ხვალ ბათუმის სპორტის სასახლის ფიცარნაგზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლებისთვის გოგა ჩხეიძე იასპარეზებს. ამ წონითი კატეგორიის მედლების გათამაშებას საქართველოს მეორე არხი 20:30-იდან პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.