მაიკ პომპეო - ირანს ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნების შესრულება მარტივად შეუძლია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანს ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნების შესრულება მარტივად შეუძლია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი ევროკავშირთან ერთად ირანის საკითხთან დაკავშირებით საერთო დიპლომატიურ მიდგომას აუცილებლად მოძებნის.
„დარწმუნებული ვარ, საქმე გვაქვს ერთნაირ ინტერესებსა და ფასეულობებთან. ეს კი აუცილებლად მიგვიყვანს დასკვნამდე, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან წამოსულ საფრთხეზე რეაგირება აუცილებელია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
ცოტა ხნის წინ მაიკ პომპეომ აშშ-ის მხრიდან ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება დააანონსა. სახელმწიფო მდივანმა 12 მთავარი მოთხოვნა წარადგინა, რომლებიც ბირთვულ საკითხთან ერთად ირანის მხრიდან რეგიონში არსებული პოლიტიკის შეცვლასაც მოიცავს. ოფიციალური თეირანი ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად აფასებს.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია