ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა არიენ რობენმა ტრავმა მოირჩინა და ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში პირველი მატჩი ჩაატარა „გრონინგენის“ შემადგენლობაში.
37 წლის ფეხბურთელი ერედივიზიონის 29-ე ტურში 78-ე წუთზე შევიდა მოედანზე „ჰერენვეენის“ წინააღმდეგ. ბოლოს რობენი მოედანზე 2020 წლის სექტემბერში ვიხილეთ.
„გრძელი გზა გავიარე, აღდგენაზე ბევრი დრო დაიხარჯა და ეს ყველაზე რთული გამოცდა აღმოჩნდა. მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდი. ეს მატჩი – ერთგვარი ჯილდო იყო ჩემთვის“, – თქვა მატჩის შემდეგ რობენმა.
ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ კონტრაქტის გაგრძელება იმაზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის მომდევნო რამდენიმე კვირა.
არიენ რობენმა „გრონინგენთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში გააფორმა, მაგრამ ტრავმის გამო მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.