3 ოქტომბერს ვიქტორ სანეევის დაბადების დღეა - სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს 78 წელი შეუსრულდებოდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი 1945 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში დაიბადა. ცნობილი მწვრთნელის, აკოფ კერსელიანის მეთვალყურეობით მძლეოსნობაში ვარჯიში 1956 წელს სოხუმში, „განთიადის“ სკოლაში დაიწყო. თავდაპირველად მისი სახეობა სიმაღლეზე ხტომა იყო, თუმცა ექვსი წლის შემდეგ კერსელიანის რჩევით ვარჯიში სამხტომში განაგრძო.
პირველი ჯილდო 1963 წელს მოიგო. ვიქტორ სანეევი მაშინ მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილზე გავიდა. სკოლის დასრულების შემდეგ თბილისში გადმოვიდა და შეჯიბრებებში უკვე „დინამოს“ სახელით მონაწილეობდა.
სანეევი სამხტომში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად 1968 წელს გახდა, სულ რვაჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის პირველობა 1968-71, 1973-75 და 1978 წლებში. არის ორგზის მეორე პრიზიორი (1971, 1978) და მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1971).
1968 წელს, საბჭოთა კავშირის პირველობაზე გამარჯვების სანაცვლოდ, მას მექსიკის 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე წასვლის საშუალება მიეცა, სადაც ვიქტორმა პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგო. მექსიკაში 1968 წლის 17 ოქტომბერს ორჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი, გადახტა ჯერ – 17.23, ხოლო შემდეგ 17.39 მეტრზე.
ოთხი წლის შემდეგ, კვლავ 17 ოქტომბერს, სანეევმა კიდევ ერთხელ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი და ამჯერად მისი შედეგი 17.44 მეტრი იყო. ეს მოხდა მიუნხენის ოლიმპიადაზე.
მექსიკისა და მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გარდა, სანეევმა ოქროს მედალი მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზეც მოიპოვა. ამ შედეგით მან მსოფლიო სპორტში უნიკალური მიღწევა დააფიქსირა – ვიქტორ სანეევი ერთადერთი მძლეოსანია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო სამხტომში ოლიმპიური ოქროს მოპოვება.
1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე ვიქტორ სანეევი ძალიან ახლოს იყო ოქროს მედლის მოგებასთან, მოსკოვში მან მეორე ადგილი დაიკავა, პირველობა ესტონელ მძლეოსან იააკ უუდმიაესთან დათმო.
საბჭოთა კავშირის და ოლიმპიური ოქროს მედლების გარდა, ვიქტორს მოგებული აქვს ათენის (1969) და რომის (1974) ევროპის ჩემპიონატები.
ვიქტორ სანეევი 1992 წლიდან ცხოვრობდა ავსტრალიაში და იყო ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიადაზე (2000) გახლდათ საქართველოს ოლიმპიური ატაშე.
სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვიქტორ სანეევი 2005 წელს მძლეოსანთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს. ვიქტორ სანეევი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი და მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი იყო.
ვიქტორ სანეევი 2022 წლის 3 იანვარს სიდნეიში გარდაიცვალა.