25 სინათლის წლის მანძილზე აღმოაჩინეს სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა, რომელიც შეიძლება, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს — #1tvმეცნიერება
მზის სისტემის მიღმა სიცოცხლის ძებნის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი შეიძლება ფაქტობრივად ჩვენს მეზობლად იყოს.
პლანეტა, რომელიც პირველად 2024 წელს აღმოაჩინეს წითელი ჯუჯა ვარსკვლავის, GJ 3378-ის გარშემო — შეიძლება იმაზე მეტად ჰგავდეს დედამიწას, ვიდრე ამას თავდაპირველი დაკვირვებები მიუთითებდა.
ეს პლანეტა, სახელად GJ 3378b არის ე. წ. სუპერდედამიწა — ჩვენს პლანეტაზე დიდი, მაგრამ მაინც საკმარისად პატარა, რათა ჰქონდეს სამყაროში იმ ერთადერთი პლანეტის მსგავსი კლდოვანი შემადგენლობა, რომელზეც ვიცით, რომ სიცოცხლე არსებობს — დედამიწის.
ფართომასშტაბიანმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ GJ 3378b მდებარეობს თავის ვარსკვლავიდან ხელსაყრელ მანძილზე, რათა ზედაპირზე შეინარჩუნოს თხევადი წყალი — ის ინგრედიენტი, რომელსაც პირველს ამოწმებენ სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პირობათა სიაში; ასევე დაზუსტდა, რომ მისი მასა არის არა 5,3 დედამიწის მასა, არამედ სულ რაღაც 2,3 დედამიწის მასა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ის დიდი ალბათობით კლდოვანია და შედარებით ახლოსაა, ჩვენგან 25 სინათლის წლის მანძილზე. სიცოცხლისათვის პოტენციურად იმაზე მეტად ხელსაყრელი, ვიდრე თავდაპირველად მიიჩნეოდა.
უფრო მეტიც, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ის შედის „მზის სამეზობლოში, 10 პარსეკის რადიუსში არსებულ სიცოცხლისათვის პოტენციურად ყველაზე ხელსაყრელ დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტათა სიაში“.
„ამაღელვებელია. ის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი კოსმოსური მეზობელია. 25 სინათლის წელი შეიძლება დიდ გზად მოგეჩვენოთ, მაგრამ ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 100 000 სინათლის წელია და ამ გადმოსახედიდან, ის ჩვენი კარის მეზობელია“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, ასტრონომი პოლ რობერტსონი.
სამყაროს შესახებ არსებული ერთ-ერთი უდიდესი კითხვაა, არის თუ არა სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზე.
მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ გაარკვიონ ის მახასიათებლები, რომელიც შეიძლება განაპირობებდეს პლანეტის სიცოცხლისუნარიანობას. დაწყებული დედავარსკვლავის ტიპით, პლანეტური სისტემის არქიტექტურით გაგრძელებული და ტექტონიკური ფილებისა და ატმოსფეროს ქონით დამთავრებული.
ზოგიერთი ამ თვისების შემჩნევა ძნელია, მაგრამ პირველი, რის დადგენასაც მეცნიერები პირველ რიგში ცდილობენ, არის ორბიტის მანძილი პლანეტიდან, რომელსაც სასიცოცხლო ზონას უწოდებენ.
ეს გახლავთ მანძილი ეგზოპლანეტასა და მის დედავარსკვლავს შორის, სადაც შესაძლებელია მის ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნება. ზედმეტად ახლოს, წყალი აორთქლდებოდა, ზედმეტად შორს კი გაიყინებოდა.
„ჩვენი მოვალეობაა ვდიოთ წყალს. ის დედამიწაზე ყველა ცოცხალ არსებას სჭირდება და ამიტომ, პირველი რაღაც არის, რის რასაც ვეძებთ, როცა ვცდილობთ დავადგინოთ, არის თუ არა გარემო სიცოცხლისათვის ხელსაყრელი“, — ამბობს რობერტსონი.
ხშირად, შემდეგი კითხვაა შემადგენლობა. ვიცით, რომ კლდოვან პლანეტებზე სიცოცხლე შესაძლებელია, რადგან ჩვენ ასეთ პლანეტაზე ვცხოვრობთ. ეს სხვა სახის პლანეტებსაც შეუძლიათ, მაგრამ ჯერ დაზუსტებით არ ვიცით; ამიტომ, კანდიდატთა სიის შესამცირებლად, პირველ რიგში კლდოვან პლანეტებს სწავლობენ, დანარჩენები კი დამატებით სიაში არიან.
GJ 3378b-მა პლანეტურ მეცნიერთა ყურადღება მაშინ მიიპყრო, როცა ანალიზები მიუთითებდა, რომ მისი ორბიტული პერიოდი 24,73 დღეა, რის გამოც, ის თავის ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში ექცევა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი დედამიწისაზე გაცილებით მოკლეა, წითელი ჯუჯები მზეზე გაცილებით გრილი ვარსკვლავებია; შესაბამისად, მათი სასიცოცხლო ზონა ვარსკვლავთან გაცილებით, გაცილებით ახლოსაა.
თუმცა, ეგზოპლანეტის მასასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი კვლავ რჩებოდა.
დაახლოებით ხუთი დედამიწის მასა საზღვარია ორი სახის პლანეტას შორის. ამ მასის ქვემოთ, პლანეტები უფრო კლდოვანი სუპერდედამიწებია. მის ზემოთ კი ეგზოპლანეტები უფრო მინი-ნეპტუნებია — გაზის პლანეტები სქელი, ნისლიანი ატმოსფეროთი.
GJ 3378b-ის მასის თავდაპირველი შეფასება იყო 5,3 დედამიწის მასა და რობერტსონს და მის ჯგუფს იმედი ჰქონდა, რომ ამ მაჩვენებელს დააზუსტებდა.
შეაგროვეს ვარსკვლავზე ჩატარებული დაკვირვებები დედამიწასა და კოსმოსში ბაზირებული ინსტრუმენტებით. ეძებდნენ ძალიან მცირე ცვლილებებს ვარსკვლავის სინათლეში, რასაც ეგზოპლანეტის გრავიტაციული გავლენით გამოწვეული რხევები იწვევს.
„თამაშის სახელია სიზუსტე. ამ დაბალმასიან პლანეტათა საპოვნელად, ყოველთვის ეს მცირე სიგნალები უნდა ეძებო. თუ არასათანადოდ ზუსტი ინსტრუმენტები გაქვთ, მათ ვერ იპოვით“, — ამბობს ტეხას-ოსტინის უნივერსიტეტის ასტრონომი მაიკლ ენდლი.
ამ ზუსტმა გაზომვებმა მკვლევრებს GJ 3378b-ის მასისა და ორბიტის დაზუსტების საშუალება მისცა.
აღმოჩნდა, რომ მისი ორბიტა ვარსკვლავთან იმაზე ოდნავ ახლოსაა, ვიდრე თავდაპირველი ანალიზები მიუთითებდა — 21,45 დღე. ამ მაჩვენებლითაც, ის მაინც მყარად ექცევა სასიცოცხლო ზონაში.
„ეს სუპერდედამიწა თავისი ვარსკვლავისგან იმ რადიაციის 90 პროცენტს იღებს, რასაც დედამიწა მზისგან, ანუ იდეალურ ადგილასაა“, — ამბობს რობერტსონი.
ამას გარდა, დაზუსტებული მასა, ანუ 2,3 დედამიწის მასაც იდეალურია სუპერდედამიწისთვის.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ GJ 3378b სიცოცხლისთვის ხელსაყრელია. კოსმოსის ვაკუუმში მოშიშვლებული ნებისმიერი თხევადი წყალი აორთქლდება. იმისათვის, რათა პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყალი იდგეს, საჭირო, რომ მას ჰქონდეს ატმოსფერო. ამ ეტაპზე არ ვიცით, აქვს თუ არა GJ 3378b-ს ატმოსფერო.
ეს ციცქნა ვარსკვლავები (წითელი ჯუჯები) მზეზე გაცილებით აქტიურია; ახასიათებთ ხშირი ამოფრქვევები და კორონული მასის ამოტყორცნები, რამაც შეიძლება ახლოში მოძრავ პლანეტებს ატმოსფერო გააცალოს.
თუმცა, ამ ეტაპზე, მკვლევრებმა GJ 3378b მოაქციეს სიცოცხლისათვის ხელსაყრელობისთვის შესწავლის კანდიდატ პლანეტათა სიის სათავეში.
„საბოლოო მიზანია ბიოხელწერები. ნამდვილად გვსურს, გავიგოთ, ვართ თუ არა სამყაროში მარტონი“, — ამბობს ენდლი.
მისი განცხადებით, ჩვენ ჯერ კიდევ მზის სისტემის სამეზობლოს შეცნობის ფაზაში ვართ; ვცდილობთ პლანეტების პოვნას უახლოეს ვარსკვლავთა გარშემო, რადგან ბიოხელწერების დაფიქსირება იქ უფრო მარტივი იქნება. ამბობს, რომ ამ პლანეტას ერთი ნაბიჯით ახლოს მივყავართ ჩვენი ყველა მეზობლის გაცნობასთან და საბოლოოდ იმის გარკვევასთან, რომელი მათგანი შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი.
კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია mcdonaldobservatory.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.