11 ქვეყნის პირველი დიპლომატები დასავლეთს მოუწოდებენ, არ დაივიწყოს ყირიმის ანექსია და არ დატოვოს უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე
11 ქვეყნის პირველი დიპლომატები დასავლეთს მოუწოდებენ, არ დაივიწყოს ყირიმის ანექსია და არ დატოვოს უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე

11 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დასავლეთს მოუწოდებენ, არ დაივიწყოს ყირიმის ანექსია და არ მიატოვოს უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე ბედის ანაბარა, – ამის შესახებ ნათქვამია ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით ბრიტანულ გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნებულ 11 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილში.

წერილს ხელს აწერენ დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, პოლონეთის, შვედეთის, დანიის, კანადის, რუმინეთისა და ჩეხეთის დიპლომატები.

„ხუთი წლის წინ, რუსეთი უხეშად დაუპირისპირდა მშვიდობიანი და თავისუფალი ევროპის იდეას. უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიითა და ყირიმის უკანონო ანექსიით, რუსეთმა ღიად აჩვენა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი უპატივცემულობა და ევროპული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხე შექმნა“, – ნათქვამია მინისტრების სტატიაში.

წერილში აღნიშნულია, რომ ხუთწლიანი ოკუპაციის შედეგად, ყირიმში მდგომარეობა გაუარესდა, მაშინ, როდესაც უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე რეფორმებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. მინისტრები საუბრობენ ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობაზე, უკანონო დაკავებებსა და დაპატიმრებებზე, ადამიანების გაუჩინარებებზე და დაკავებულთა წამებაზე.

„ევროკავშირის, ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების მხრიდან სანქციები და არაღიარების პოლიტიკა ასახავს ჩვენს საერთო ძალისხმევას და ჩვენს უარს, ვაღიაროთ, რომ სუვერენული ქვეყნის ნებისმიერი ტერიტორიის ოკუპაცია შესაძლოა, გახდეს ნორმა 21-ე საუკუნეში“, – აღნიშნულია წერილში.

მინისტრები ასევე მოუწოდებენ რუსეთს, გაათავისუფლოს ქერჩის სრუტესთან დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და დაიცვას ნავიგაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებები.

„ყირიმში ხუთი წლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვასწავლა, რომ არ უნდა მივიღოთ ჩვენი უსაფრთხოება და თავისუფლება, როგორც თავისთავად არსებული. მეორე გაკვეთილი კი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა გავაძლიეროთ საზოგადოების მდგრადობა თავდასხმებისა და ჩარევების სხვადასხვა ფორმის წინაშე“, – წერენ მინისტრები.

დიპლომატები მიიჩნევენ, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში სტაბილურობისა და მდგრადობის დაბრუნება დასავლეთის საერთო მიზანია.

„უკრაინის დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან უკრაინის უსაფრთხოება დაკავშირებულია მთელი ევროპის უსაფრთხოებასთან. კოორდინირებული საერთაშორისო სანქციების პოლიტიკა რუსეთს მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას აქვს შედეგები. ჩვენ არ დავივიწყებთ და არ მივატოვებთ ყირიმს“, – აღნიშნულია სტატიაში.