ჯგუფი The Shin & მარიკო ებრალიძე, სიმღერით Three Minutes To Earth
ჯგუფმა The Shin & მარიკო ებრალიძემ საქართველოს 59-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსში წარადგინეს.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2014 წელს უფლება გამოიყენა და საქართველოს წარმომადგენელი შიდაშესარჩევი, ეროვნული კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელა.
ქართველი კონკურსანტები The Shin & მარიკო ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშნენ.
The Shin
ჯგუფი The Shin 1998 წელს ჩამოყალიბდა და გერმანიაში მოღვაწეობს. ჯგუფის წევრები არიან: ზაზა მიმინოშვილი (გიტარა, ფანდური), ზურაბ გაგნიძე (ბასი, ვოკალი),ალექსანდრე ჭუმბურიძე (ცეკვა, დოლი), 2002 წელს მათ მამუკა ღაღანიძე შეუერთდა.
ჯგუფის The Shin მუსიკა წარმოადგენს ქართული სიმღერის მრავალხმიანობის, ინსტრუმენტული მუსიკის, ჯაზის, ფლამინგოს ელემენტების უნიკალურ შერწყმას. დიდი ხნის გულშემატკივარიც კი მათი შემოქმედების მოსმენისას ყოველ ჯერზე სიახლეს, რაღაც განსხვავებულს აღმოჩენს.
ჯგუფის წევრებს შექმნილი აქვთ ორიგინალური ნამუშევრები თეატრისთვის, ფილმებისთვის, სატელევიზიო და რადიო პროგრამებისთვის. ისინი თანამშრომლობენ ისეთ მსოფლიო დონის შემოქმედებთან, როგორებიც არიან: გია ყანჩელი, რობერტ სტურუა, ჯორჯ პარდო (Jorge Pardo), გიორა ფეიდმანი (Giora Feidman), ჩაკა ხანი (Chaka Khan), რენდი ბრეკერი (Randy Brecker), Okay Temiz, თეოდოსიი სპასოვი (Theodosii Spassov)და სხვები.
ჯგუფი The Shin რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებზე და შთამბეჭდავ წარმატებასა და აღიარებას იმსახურებს.
„შინ“ (The Shin) – ქართულად სახლში ყოფნას ნიშნავს. მათ მუსიკას აქვს განსაცვიფრებელი უნარი, რომ მსმენელმა ის გაითავისოს, „გაიშინაუროს“.
ბოლო წლებში ჯგუფმა განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები, ჩაწერა ალბომები: „ეგ არი“ (EgAri), „ეს არი“ (Es ari), „შავი ზღვის ცეცხლი“ (Black Sea Fire), შეიქმნა ახალი ბენდი შტუტგარტში(პროექტი Open World). ისინი მონაწილეობდნენ უამრავ ფესტივალში 30 -ზე მეტ ქვეყანაში. 2009 წელს მათ პირველი საპრიზო ადგილი დაიმსახურეს გერმანიაში მსოფლიო მუსიკის კონკურსზე. მათი ნოვატორული იდეები და შესაძლებლობები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შეასხამს ფრთებს.
მარიკო ებრალიძე
დაიბადა 1984 წელს, თბილისში. დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი, ფორტეპიანოს განხრით. 2000 წელს ჩაირიცხა ზაქარია ფალიაშვილის სახელობისმე-2 სამუსიკო სასწავლებელში, საესტრადო მომღერლის სპეციალობით. პარალელურად, სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში, მაესტრო ნოდარ ანდღულაძის კლასში. 2004-2008 წლებში სწავლობდა თბილისის სამუსიკო ხელოვნების პედაგოგიურ ინსტიტუტში, მიიღო მომღერალ-სოლისტისა და პედაგოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2008 წელს მონაწილეობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალურ პროექტში „ვარსკვლავების აკადემია“, სადაც გახდა ფინალისტი და დაიკავა მე-3 საპრიზო ადგილი.
მონაწილეობდა სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსებში: „ბრავო“, „იმღერე რამე“, „ანა-ბანა“. ასევე, არაერთ საქველმოქმედო კონცერტში, მათ შორის პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული ფონდის “იავნანა“ საქველმოქმედო კონცერტში.
2009 წელს ბაქოში გამართულ საქართველოს კულტურის დღეებზე გამოდიოდა ჯაზბენდ M-dix ერთად.
2010 წელს Kloster Eberbach -ის სამონასტრო კომპლექსში, ფრანკფურტში, ქართული დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის პატივსაცემად, პედაგოგ ოთარ ტატიშვილთან ერთად გამართა კონცერტი.
2011 წელს ბათუმის Black Sea Jazz Festival -ზე მერიასთან არსებულ „ბიგ-ბენდთან“ ერთად მონაწილეობდა.
2012 წელს თბილისში Kavkaz Jazz Festival-ზე მაყურებლის წინაშე წარდგა, როგორც სოლო მომღერალი,საკუთარი ეთნოჯაზ პროექტით Your Fingers. ეს პროექტი გაჟღერდა ბათუმში 2012 წლის Black Sea Jazz Fesitavl – ზეც.
2012 წელს ფრანკფურტში მონაწილეობდა Melchior Grund-ის სარეაბილიტაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტში. ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე შეასრულა გერმანული იავნანა – Vigala. 2013 წელს სარეაბილიტაციო ცენტრში შეასრულა ქართული ფოლკლორული, თუშური სიმღერები.
2013 წელს ბათუმის ხელოვნების სახლში ჯგუფთან Qamele-ON ერთად განხორციელდა პროექტი „უსმინე ჯაზს“.
2013 წელს ქალაქ აშდოდში, ქართველ ებრაელებთან ერთად, მონაწილეობდა კონცერტში.
2008 წლიდან არის თბილისის მერიასთან არსებული „ბიგ-ბენდის“ სოლისტი. თანამშრომლობს სხვადასხვა ჯაზბენდებთან. მათთან ერთად გამოდის თბილისის კლუბებში.
2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს კოპენჰაგენი უმასპინძლებს. 59-ე ევროფესტივალის ნახევარფინალები 6 და 8, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება. კონკურსში წელს 37 ქვეყანა მონაწილეობს.