სოფო ნიჟარაძე, სიმღერით Shine
2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველო სოფო ნიჟარაძემ, სიმღერით Shine წარადგინა.
2010 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად ეროვნული კონკურსი გამოაცხადა. სოფო ნიჟარაძისთვის ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული, ინგლისურენოვანი სიმღერა შეირჩა, რომელთა შორის საუკეთესო ქართველ ხალხს უნდა აერჩია.
კონცერტი „თბილისი ივენთ ჰოლში” გაიმართა, რომელიც ცნობილმა რეჟისორმა ლაშა ონიანმა დადგა. საღამოს დავით ქაცარავა უძღვებოდა.
სოფო ნიჟარაძის მიერ ექვსი საკონკურსო სიმღერის შესრულების შემდეგ, ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. გამარჯვებული სიმღერა გახდა – Shine, რომელიც ქართველმა მაყურებელმა და ჟიურიმ ერთად გამოავლინეს.
2010 წლის ევროვიზიის ქართველმა მონაწილემ სოფო ნიჟარაძემ სიმღერა Shine ოსლოში, ტელენორის არენაზე შეასრულა.