დღეს, როცა ერთი შეხედვით ასე შეიცვალა დამოკიდებულება წიგნის, მხატვრული სამყაროს სიღრმეში მოგზაურობის გასაოცარი, ჯადოსნური შესაძლებლობისადმი, როცა სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ძლებს სიტყვით ტკბობის, წიგნში მოგზაურობის გასაოცარი თავდავიწყების გარეშე, როცა რეალური გარემო, პრაქტიციზმზე აგებული, კარგად გათვლილი ნაბიჯები და ქმედებები სულ არაფერს ნიშნავს და სანცვლოდ მწერლის, შემოქმედის სულის ნაყოფის, ელვარე წარმოსახვის ნაპირების და ჰორიზონტების მიღმა ეძიებს საკუთარ თავს, სულ უფროდაუფრო ხშირად ჩნდება კითხვა: მართლა ასე იმძლავრა ასეთმა ნაკადმა, ახალმა ფასეულობებმა, რომ პოეტურ ხილვას, ცოცხალ, მფეთქავ სიტყვასთან ურთიერთობის სიხარულს და სიმშვიდეს მთლიანად ჩაენაცვლა რეალობის ლითონისებური სიცივე? თუ ესეც მხოლოდ ილუზიაა? დაჩქარებული დროის, თანამედროვე სამყაროს დაძაბული რიტმის და ყოფის პრობლემების მომძლავრებით გულში ფუჭად შემოპარულ შიში? ძნელია რაიმეს კატეგორიულად მტკიცება. გარემომცველი სინამდვილე ნაღვლიან, პესიმისტურ ფიქრებს ნამდვილად აღძრავს, მაგრამ ამავე დროს ისიც ხომ აშკარა და ნათელია, რომ ცოცხლობს ეს სასწაული – წიგნი, ისევდაისევ ჯიუტად, მთელი ძალმოსილებით ამოიმართება ცნობიერების სიღრმიდან წარმოსახვის, ფიქრის, სულის უფაქიზესი მოძრაობის შერწყმით შექმნილი პოეტური ქვეყნები – სხვადასხვა შინაგანი წყობის, ერთმანეთისაგან განსხვავებული ხედვის, გემოვნების და გრძნობიერების ხარისხის მქონე შემოქმედთა მიერ შექმნილი და კიდევ, ისევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელი გულით და სულით ელიან ამ ქვეყანაში შესვლას, მოგზაურობას, მხატვრული სახეებით ესთეტიკურ ტკბობას, ანუ ელიან ამქვეყნად მოსვლის ერთ-ერთ ნათელ გამართლებასაც და სიხარულსაც, ერთდროულად.

სანამ ეს შეხვედრა, ამ შეხვედრის სურვილი არ ჩაფერფლილა და გამქრალა, ბევრ რამეს აქვს აზრი, არც სიცოცხლეს დაუკარგავს მარილი და ხიბლი. რადგან როცა ზამთრის სველ. სევდიან საღამოს სულს სითბოთი ავსებს სტრიქონში რბილად მოქანავე მაგნოლიის ტოტი, შორეული პორტი და ის, ვინც ოდესღაც, წასვლისას ფოთოლს შესწვდა.… პოეზიის კუნძულის ნაპირებს მოსცილდა გემი, რომელიც არავინ იცის, როდის დაბრუნდება, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება: AB NDEBAA

,,სუსხიან დილით, ნაცრისფერ დილით
კვლავ ცარიელი დაგხვდება პორტი…
ვიღაცა შესწვდა წასვლისას ფოთოლს
და მაგნოლიის ქანაობს ტოტი.…
გემები წავლენს განთიადისას,
დაბრუნდებიან ვინ იცის როდის…’’

ასეთი სურათი ცოცხლდება თამაზ ჭილაძის გამომცემლობა ,,ინტელექტის’’ მიერ დასტამბული კრებულში ,,100 ლექსი’’. ეს წიგნი კიდევ ერთხელ გვეუბნება, გვიმტკიცებს, გვამხნევებს კიდეც, რომ სულის მშვენიერებას არ უწერია მინავლება, გაფერმკრთალება არანაირ დროსა და სივრცეში, თვით ყველაზე უფრო უსახურ გარე ფონის შემთხვევაშიც კი. როცა ყდა – ჭიშკარი გაიღება, მის იქით მკითხველი დაინახავს ულამაზეს ქვეყანას, მშვენიერ სანახებს, ფიქრის უკიდეგანო ზეგანებს, გრძნობათა ფერად ნისლებს, სიტყვის წვეთებს, ჩამოცვენილს ამ ყველასგან განსხვავებული პოეტის სულის სიღრმეში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერითა და სტილით დახატულ, შექმნილ, გაცოცხლებულ პოეზიის მიწაზე.

,,და მოწყურებულ ქარავანივით,
ღრუბლებმა ზღვიდან წყალი დალიეს,
ცად აბარბაცდნენ მერე მთვრალივით
და ცის ფერები არივ-დარიეს.‘’

ამ სამყაროში ფერები ფეთქავს, ელავს, ერთმანეთს ეწვნის და ახალ არსებად გარდაიქმნება.

,,ბროწეულებში მზე გახლართულა,
არმაზს და არაგვს სულში მზე უზის.
ჯვარი კი თითქოს ცის ხომალდია,
საქართველოზე დაბმული ღუზით.’’

აქ იბადება ახალი არსება, უკვე პოეტურ სახედ გარდაქმნილი, და ეს არსება სამშობლოა – უპირველესი, რასაც მთელი არსებით გრძნობდა, გრძნობს და იგრძნობს პოეტი. სამშობლო, რომელიც მოერია დროის დინებას, არსებობის წარმავალობას, გარდაუვალ დასასრულს და მუდმივ გაზაფხულად შემოდის მის სულში. ეს ისეთი სიყვარულია, რომელიც მარადიულ განახლებას და სიყრმეს ანიჭებს ადამიანს და ის ნებისმიერ დროს გაზაფხულის ენით იმეტყველებს;

,,და ამ მიწაში, ხეებში, ცაში
ჩემი სიცოცხლე მღერის და ფეთქავს.
თუ ყურს დამიგდებ, მეც შემიძლია
ვთქვა, რაც გაზაფხულს უნდოდა ეთქვა…’’(ჭილაძე 2009: 5)

ცოდოა ადამიანი, რომელიც ამ შეგრძნებას დაკარგავს, მისი მარადისობისთვის გაჩენილი სული წარმავალობას, გაქრობას დაემორჩილება, თუ არ იპოვა ჯერ კიდევ მიწაზე, ხორცილე გარსში საყრდენი, ის, რასაც მოეჭიდება, ათრთოლებული მიეკრობა და მის ძარღვებში გადაედინება სითბო, ძალა, რომელიც მარადისობის შეგრძნების უნარს შესძენს. პოეტისათვის ასეთი რამ ერთ შემთხვევაში არის ფრესკა, სხვა დროს ზღვა და ხომალდები. ის თვითონ იქცევა ზღვად, ხომალდად, დასძლევს დროს, სიცარიელეს, ხილულის საზღვრებს. ის ბრმა მეთარეა, რომლის შიგნით ჩაბრუნებული მზერა შეიცნობს ღმერთს და ღმერთი დაისადგურებს მასში:

,,ჯოხის კაკუნით გზა მოვნახე ბეთანიისა,
ვარ უსინათლო მეთარე ერთი.
არავინ მიცნობს, მიცნობს მხოლოდ ჩემი არტელი,
ჩემი სინდისი და ჩემი ღმერთი.’’

ბრმა მეთარეს – პოეტს არ სჭირდება თვალები. ასეთი პერსონაჟი ვასილ ბარნოვის მოთხრობა ,,განასკვილი სიმშიც’’ გვხვდება. დაბრმავებულმა მუსიკოსმა სულის სიღრმეში ჩაიხედა, შეიცნო საკუთარი თავი და მთელი სამყარო. მხოლოდ ,,შიგნით ჩაბრუნებულმა მზერამ’’ მისცა შესაძლებლობა დაენახა ჭეშმარიტება, დროისა და მოვლენათა ნამდვილი არსი, რომლის ამოცნობაც თვალის ჩინის დაკარგვამდე შეუძლებელი ჩანდა. ასევე თამაზ ჭილაძის ლირიკული გმირიც გულით ხედავს, გულით გრძნობს და გრძნობა და გონება ხომ ყოველთვის გულზე ჰკიდია… ასე იკვრება, სისხლით და ხორცით ივსება ოცნების და ფიქრის მკრთალი შტრიხებით მოხაზული ლანდების სამყარო, იძენს მკვეთრ კონტურებს, ფერების სიმწიფეს და ყინწვისის ანგელოზის ღმილად ქცეული ეფინება იმ ქვეყანას, რომლის სიღრმეში მოგზაურობა იწყება წიგნის გადაშლისთანავე, მაგრამ ისე რბილად, მსუბუქად, ისე ნაცნობია აქ ყველაფერი, სამშობლოსმიერი, რომ ვერც კი შევამჩნიეთ, როდის გადავლახეთ რეალური დრო-სივრცის ზღვარი და გადავედით პოეტის წარმოსახვაში – აქაც და იქაც საქართველოა, საკუთარის, ფესვისმიერის მძაფრი შეგრძნება, რომელიც ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე ერთ ნაბიჯად აღიქმება:

,,შენი დაღლილი ღიმილი მაკრთობს,
გაბმული სევდა ამქვეყნიური,
ო, ასე ჩუმად და ასე მარტო
მთებში სხივებზე დნება ყინული.’’

 

1 2 3