ეს ერთიანობა თამაზ ჭიალაძის პოეზიისთვის ძალიან ნიშანდობლივია. ის, რითაც პოეტი რეალურ სივრცეში ცხოვრობს, რასაც გრძნობს, საოცარი სიმსუბუქით და თანაც უდანაკარგოდ გადაედინება მის პოეტურ ქვეყანაში:

,,აქ ვინ დაგაგდო,
უდაბნოს მზეში
ვინ მიგატოვა დაუმწყემსავი?
მე დავიჩოქე, მთრთოლვარე პეშვით
ხავსი მოვხადე მიწას ბრკესავით.’’

შეიძლება დრო გავიდეს, ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ უწრფელესი გრძნობა არ მისცემს უფლებას იმას, რაც ძალიან ახლობელი, საყვარელი და მნიშვნელოვაბია, იქცეს წარსულად, ყოფილად, ოდესღაც არსებულად. მარადისობის ძალიან სადა და ზუსტი განცდა მოდის პოეტის სტრიქონებიდან:

,,არც ყოფილა, არც იქნება
ჩემი ციხე ნაციხარი,
ჩემი სახლი ნასახლარი,
ჩემი სული ნაწიხლარი.

არ იქნება ნამიწარი
მიწა პაპის მოცემული,
ქვაზე ყვავის ბროწეული,
ბიბლიიდან მოღწეული.’’

ჩვენი სიცოცხლე ძალიან სწრაფად გადის. თითქოს პეპლის ფრთების ერთი აქნევაა, ბაბუაწვერას მსუბუქი გადაფრენა უკიდეგანო მინდვრის თავზე. და მოდის დრო, როცა ბავშვობის სურათები იძენენ ისეთ მნიშვნელობას, რომელიც ალბათ იმთავითვე ჩაიდო მათში, მაშინვე, როცა ამ სურათებს სიყრმის მსუბუქი ფუნჯი ხატავდა. ის, რაც დრომ წაიღო, მხოლოდ შემოქმედის ხელს შეუძლია დააბრუნოს, ისევ სული ჩაბეროს და დამატებით კიდევ ახალი ტკივილიანი განცდაც ჩააქსოვოს მასში. ეს შეგრძნება მხოლოდ დიდი ხნის, თითქმის მთელი სიცოცხლის გასვლის შემდეგ ჩნდება, როგორც ჩრდილი თაკარა მზის გულზე. მაგრამ იქნებ სწორედ ამ ჩრდილისთვის ვიბადებით, გარბის ჩვენი ბავშვობა, ქრებიან ადამიანები, ისეთი ქალაქები, ქუჩები, როგორებიც ოდესღაც იყო და აღარასოდეს აღარ იქნება? ეს სიტყვის შუქ-ჩრდილებია ალბათ ის, რამაც ადამიანს ადამიანობა მიანიჭა და წარმავალობის ტკივილთან სიტყვის, ფერის, ხაზის, ბგერის საშუალებით გამკლავების საშუალებაც მისცა.

,,პეტრიაშვილის აღმართის ჭადრებს,
პეტრიაშვილის აღმართის ჭადრებს
მე ვუძღვნი ამ ლექსს…
მე ვუძღვნი ამ ლექსს ჩემს პირველ ხეებს,
ბავშვობის ფიქრებს და თეთრ სინათლეს.
დაძაბულ დუმილს,
უსაღვრო ხმაურს
და ფოთოლცვენას
მე ვუძღვნი ამ ლექსს.’’

წარსული ცოცხლდება, როგორც სითბოს, სიმშვიდის, სიმყუდროვის, სიყვარულის მბრწყინავი წვეთები:

,,რა შერჩა ჩემი მახსოვრობის
დაგლეჯილ ბადეს?
სახლი ზღვის პირას…
ჭორფლიანი კრამიტი…
წვიმა…
სკამზე შემდგარი დედა
ჰკიდებს ფანჯრებზე ფარდებს,
მღერის
და რადგან დედა მღერის –
სამყარო ბრწყინავს.’’

პოეტი მის სულში განფენილ სამყაროს გარეთ გამოღწევის საშულებას აძლევს და ქაღალდეზე ზუსტი, ფაქიზი მონასმებით ქმნის მის ასლს, მაგრამ ჩნდება ეჭვი, რომ ეს მაინც არ არის ზუსტი ასლი, რადგან უკვე სიტყვაში გარდასახული წარმოსახვითი სახეები დამატაბით ნიშნებს, ელფერს იძენენ, როცა საქმეში პოეტის ოსტატობაც ერთვება. ზოგჯერ შეიძლება ზოგიერთი პლასტი, რომელსაც ფერის გასამკვეთრებლად ადებს პოეტი ტილოზე, მოულოდნელიც იყოს, მაგრამ შესაბამის განცდას ყოველთვის იწვევს, რადგან ლექსის სახე ძირითადად მაინც სულისმიერ ხატს ეყრდნობა და სრულიად გასაგები ხდება ემოციურ დონეზე:

,,როგორც ლოდინის წითელი ქოხი,
მიირწეოდა ტრამვაი ბინდში…’’

თავისთავად საინტერსოა ფერის ფუნქციონირებაც ამ პოეტურ ტექსტებში. ფერი აქ უმეტესად დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს, მაგრამ მისი ინტენსივობა ისე და იმდენჯერ იცვლება: ხან მძაფრია, ხან მქრქალი, ხან პასტელისებრი ელფერის, რომ ძალიან ამდიდრებს და ფარულ აზრსაც სძენს სტრიქონებში ასახულ სამყაროს. მაშინ კი, როცა მხოლოდ სინათლედ იქცევა – როგორც ვიცით, თეთრი არაა ფერი, სინათლეა – უკვე კონცეფტუალურ დატვირთვასაც იძენს და მეტაფორას სიცხადეს ანიჭებს .

,,გათავდა თუ კიდეა
ეს ცხოვრება ვერაგი?..
მზის ეკლებზე ჰკიდია
ზამთრის თეთრი პერანგი…’’

ფიქრები არ არის უღრუბლო. შეუძლებელიცაა ასე იყოს. არ არის ცხოვრება მარტივი, არც მისი დაწყებაა იოლი, არც დასრულება, შუაში რაც არის, ის ხომ ყველაზე რთული და მტკივნეულია, ძნელი გასავლელი. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ დრო და დღევანდელი, ახლა არსებული იქცევა მოგონებად, შემდეგ ისევ ახალი დღე გადავა ახალ მოგონებად და ასე, პატარ-პატარა მონაკვეთებით თუ საფეხურებით მიიწევს წინ ის, რასაც სიცოცხლე ჰქვია და ძნელი გასაძლებია, თანაც ღირსეულად უნდა ატანა, რადგან პოეტი სუფთა და უნიღბო უნდა იყოს და უნიღბობა ამ მიწაზე ყველაფერზე ძნელია:

,,ის კი გადმოდის, გადმოდის ნელა
ავსებს სულს, გულის კედლებსაც არღვევს,
და დაუნდობლად აჩვენებს ყველას
შენს შემკრთალსა და უნიღბო სახეს…’’

და რაღა გასაკვირია, რომ ამ დროს ითქვას:

,,ჩემი თვალები გვანან ბუდეებს,
სადაც ჩიტები აღარ ბუდობენ.
ვგრძნობდი შენს წასვლას გადაუდებელს,
ვგრძნობდი შენს ცქერადს ცივს და უნდობელს.’’

 

1 2 3