მიუხედავად ტკივილიანი განცდებისა, ნათლად იგრძნობა და იკვეთება თამაზ ჭილაძის პოეტური ქვეყნის სიმყარე, რისი ერთი საფუძველიც სამშობლოს მძაფრი და დაუძლეველ-შეუბღალავი განცდაა, შემდეგ – სიცოცხლის ნაკადის სილამაზისა და ძალის უმძაფრესი აღქმა და ბოლოს, სურვილი, რომ დრომ შეძლოს მოტრიალება, თავისი წრფივი ბუნების დაძლევა და წრედ შეკვრა, სადაც წარსული და აწმყო და მომავალი აღარ იქნება შეუქცევადი და ყველაფერი დაბრუნდება, ისე მარტივად, როგორც ლექსში ბრუნდება, თუ არ ბრუნდება, იმედად მაინც იქცევა:

,,ასე გგონია –
სიჭაბუკე კვლავ დაბრუნდება
და ჩამოგიმტვრევს ჭიშკრის კრამიტებს.’’

ფიზიკურად თუ ეს შეუძლებელია, პოეზიას ნამდვილად შესწევს ამგვარი წრებრუნვის შექმნის ძალა, მაგრამ მაინც იჩენს თავს წარმავალობის, უფრო მეტად, ამაოების ტკივილი:

,,ირგვლივ ბიბინებს ხავსის სიგრილე.
აღგზნებულ სანთლებს გააქვთ ტკაცანი,
ვით შესაწირად კრავი მიგვრილი,
შენი ცხოვრება არის, არც არის…”

მოგონებები იჭრებიან სიზმრებში, ფიქრებში და წარსულის სახეები ზღაპრული და ფერადოვანი ხდება, იმაზე უფრო მეტად დახვეწილია, ვიდრე სინამდვილეში იყო, რადგან ამ სახეებს, ხსოვნასთან ერთად მდიდარი წარმოსახვა და სიტყვის ფლობის უნარი ქსოვს:

,,ამ ბოლო დროს ხშირად
მესიზმრბა ბათუმი –
ცისარტყელას ჩხირით
ზღვაზე დახატული.’’

თუმცა დრო კი მართლაც დაუნდობლად და უკანმოუხედავად გარბის, მაგრამ პოეტის სტრიქონები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არის ძალა – სიტყვა, რომელსაც მის სრბოლასთან გამკლავებაც შეუძლია და ეს პოეზიის არსია – მოუჭრას გზა დროს, თავის თავში შეინახოს მარადიული სინორჩე:

,,უცებ ვიგრძენი, დრო როგორ გარბის,
მინდა გავიქცე და გზა მოვუჭრა,
ჩამოწყვეტია საკინძე აპრილს
და ჭორფლიანი ძუძუ მოუჩანს…’’

ამ წიგნის შიდა სივრცეს სიყვარულის, მონატრების, ტკივილის, სევდის, იმედის და ფიქრის ფერებთან ერთად მუსიკაც ავსებს და ამთლიანებს – ჟღერს ბახი, გრიგი. ბგერები სიტყვებს გადაეწვნება და იმისი გულისკენ იკაფავს გზას, ვინც ამ სამყაროს კარი შეაღო როგორც თანაგანმცდელმა, მზადმყოფმა, შეიმეცნოს და შეიგრძნოს ამ სამყაროს ყველა დეტალი, ნიუანსი და აიყვანოს ის ესთეტიკური ტკბობის, პოეზიით მოგვრლი უსაზღვრო სიხარულის რანგში. აქ ტრიალებს ბალახების, იასამნების, საკმევლის, პიტნის დამათროებელი სურნელი. ყველაფერი: ფერები, ბგერები, სურნელები, შუქის და ჩრდილის თამაში ამძაფრებს გრძნობებს, იწვევს სილამაზის შეგრნებას, თან გულსაც უკუმშავს და პოეტისეული მონტრების კვალდაკვალ საკუთარ ტკივილიან მოგონებებსაც აღუძრავს მკითხველს და მასა და პოეტს აერთიანებს ზოგადადამიანური ერთიანობის ძალითა და მადლით. მარტოობა ადამიანის თანმდევია, ეს რეალობაა, იქნებ დაუძლეველიც, მაგრამ პოეტური ტექსტის წაღში მიღწეულ ამ შინაგან ერთიანობას თუ გავითვალისწინებთ, მარტოსულობა პირობითი, შესაძლოა, მოჩვენებითიც კი აღმოჩნდეს. საერთო განცდები, სახეები ერთმანეთთან აშკარად აკავშირებს ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში, დროში, სივრცეში, განსხვავებულ კულტურებში არსებობდნენ, არც არასოდეს უნახავთ და ვერც ვერასოდეს ნახავდნენ ერთმანეთს, მაგრამ ახლობლები, ნათესავები არიან ყველაზე მნიშვნელოვან – სულიერ დონეზე.

ამ ერთიანობისთვის კი ნამდვილად ღირს პოეტად დაბადება. სხვა ადამიანისთვის უჩვეულო, საოცარი, გრძნობიერი სამყაროს შექმნისა და მინიჭების სიხარულისთვის მოდის შემოქმედი ამქვეყნად და ამ სხვა ადამიანების ცხოვრების და სულის განუყრელი ნაწილი ხდება. ეს კი უდიდესი ბედნიერება და საჩუქარია. ამ წყალობასთან ალბათ არაფერის ის ტკივილი, რომელიც თან სდევს პოეტურ სულით დაბადებას, მუდმივ წვასა და თრთოლვას სახეების ზღვაში, დანაკარგის, განშორების, სიცარიელის სხვებთან შედარებით ათასმაგად გამძაფრებულ განცდას, ხან გაფერმკრთალებულ, ხან კი სულაც დამსხვრეულ და ჩაფერფლილ იმედებს, გულზე შემოწოლილ დარდს.

პოეტი მარადისობას ასეთი ტკივილებით მიუახლოვდება:

,,როცა დადგება განკითხვის ჟამი,
გაწყვეტილ გზების, მეწამულ ბინდის,
შემოიტანენ უფალთან ჯამით
ჩემს სისხლს და ცრემლებს, გულსა და სინდისს.”

მაგრამ, მოიუხედავად ტკივილსა, მაინც ღირს ასეთი სიცოცხლე – ლამაზი, ფერადი, ჩიტის გულივით მფეთქავი, სათუთი, საყვარელი. რადგან პოეტს აქვს ნება, მადლი და მხოლოდ მას შეუძლია უთხრას მეორე ადამიანს:

,,მე მოგცემ ჩემს ხმას, სუნთქვას და თვალებს,
სხვა არაფერი არა მაქვს მეტი.

მე მოგცემ ჩემს გულს,
თუკი შენს ხელებს
ძალუძთ ატარონ შიშველი ცეცხლი.

მე მოგცემ ჩემს ფიქრს,
თუკი შენს სხეულს
არ დაღლის მძიმე, ვეება ფრთები.”

ეს ის ფრთებია, რომელთა ყოველ აქნევაც სითბო და სიყვარული, მარადიული გაზაფხულის სუნთქვა მოაქვს. პოეზია მართლაც მარადიული გაზაფხული და დროის შემობრუნების, დამარცხების, მუდმივი განახლების ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ეთადერთი საშუალებაა .ის, ვინც ქმნის ამ ფიზიკური კანონების დამღრვევ სამყაროს, პოეტია და ის, ვინც ამ სამყაროში მისი ნაჩუქარი ფრთებით მოგზაურობს – მკითხველი. ისინი ერთმანეთით ქმნიან ადამიანურობის წარუვალობის, სილამაზის, გრძნობიერების მარადიულობის განცდას, რომელიც საფუძვლად დაედო ამ კრებულს, პოეტურ ქვეყანას – თამაზ ჭილაძის ,,100 ლექსს’’.

 

 

1 2 3