ჩემო შადიმან!

რომანზე მუშაობისას თანადგომას ვგრძნობდი შენგან, ინტერნეტჟურნალი მართლაც დამეხმარა მძიმე, გამთანგველ პროცესში, ჩემი წერილების ადრესატი კი შენ იყავი, – გმადლობ, მეგობარო!

რომანი გასრულდა, „ქელეხი-ქორწილი“ დავარქვი, ახლა იმ მდგომარეობაში ვარ, როცა არ ვიცი, რა გავაკეთო. ასე გაგრძელდება, სანამ საბოლოოდ არ გამიუცხოვდება ნამუშევარი. მოდი, იმ ამოცანებზე მოგწერ, რომანზე მუშაობისას რომ დავისახე; „წერილები მეგობარს“ ხომ იქიდან და იმიტომ დაიწყო, ერთმა კონკრეტულმა ამოცანამ რომ გამაჩერა რომანის შუაწელში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ჩემს ეპისტოლარულ ახირებასაც თავისი თავგადასავალი აქვს – დაიწყო მაშინ, როცა რომანი გამიჩერდა, ახლა, როცა ავად თუ კარგად გავართვი თავი ერთ ადგილას გახირულ საქმეს, „წერილები მეგობარს“-აც უნდა გასრულდეს წესით.

ამთავითვე სათქმელია – არც ერთ აქამდე დაწერილ ნაწარმოებაზე არ მიმუშავია ასე ხანგრძლივად, რაც, ბუნებრივია, სრულებით არ მეტყველებს „ქელეხი-ქორწილი“-ს რაიმე განსაკუთრებულ ღირსებაზე – არა, რა თქმა უნდა, არა – შესაძლოა, პირიქითაც იყოს საქმე, რომანის სიავკარგის მსაჯულად არ და ვერ გამოვდგები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩემია და რაც მთავარია, არ გაუცხოებულა, ჯერ ისევ იქ ვარ, რომანის ატმოსფეროდან ვერ გამომითრევია თავი; ჰოდა, დავიწყოთ ამოცანებით, სანამ „ცხელია“, სანამ მახსოვს, როგორ მტანჯავდნენ…

„ქელეხი-ქორწილი“ ორი ნაწილისაგან შედგება – „ქელეხი ქარში“ და „ქორწილი ქარში“. თავიდან არ ვფიქრობდი რომანის ამ სათაურზე. დავიწყე „ქელეხი ქარში“ და მაშინ მომეჩვენა, საბჭოეთის არსებობის უკანასკნელ ჟამს დაწყებული თხრობა უწყვეტი უნდა ყოფილიყო ჩვენს დღეეებამდე (იქნებ, სიმბოლურად, ხვალინდელ დღემდეც). შესაბამისად, რომანის პირველი ვარიანტის სავარაუდო სათაური „აპრილის ქარები“ იყო და არა – „ქელეხი-ქორწილი“. ქორწილი რომ უნდა გათამაშებულიყო ფინალში – იმთავითვე ვიცოდი, მაგრამ, ვიმეორებ, რომანი უწყვეტ თხრობაში ჩავიფიქრე და პირობითი სათაურიც სხვა მქონდა.

ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა „ქელეხის“ სიუჟეტის ანეკდოტური ხასიათი იყო – ძირძველი ქუთაისელი კაცი ქელეხს უხდის თავის საოხრეს. საბჭოთა კავშირის არსებობას დიდი დღე აღარ უწერია, მაგრამ სუფრასთან თავშეყრილი თანამეინახეები, ის სოციუმი, რაც ნიშანდობლივი და ტიპიური იყო იმჟამინდელი საბჭოთა საქართველოსათვის, ვერ ხვდება, ვერ გრძნობს ეპოქალური მნიშვნელობის ცვლილების სიახლოვეს, ისინი „ღადაობენ“,  საოხუნჯო თემა მოიგდეს, მათი მეგობარი, ტრულაილად შესახელებული დიმიტრი (დიტოია) კა . . . . ძე ქელეხს უხდის საოხრეს.

ერთ კოლორიტულ ქუთაისელ კაცზე ცხონებული მამაჩემისაგან მოსმენილი ეს რეალური ამბავი სახალისოცაა და ორ სიტყვაში გადმოსაცემი ანეკდოტივით დასამახსოვრებელი, მაგრამ ამასთან ძალიან სახიფათოც, თუკი არ გინდა, ლიტერატურულ კალაპოტს გასცდე. დამეთანხმები, შადო, საკმაოდ რთული ამოცანაა და სწორედ ამიტომ გაჩნდა „ქელეხი ქარში“-ს ახალი პერსონაჟი – ლამარიე, ვისზეც თავიდან არ ვფიქრობდი. ამ პერსონაჟს უნდა ეტვირთა, ლამარიესგან ველოდი ამოცანის გასაღებს. იქნებ მომიხერხდა, იქნებ – ვერა, ეს სხვა თემაა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ კონკრეტულ ლოკაციაში გათამაშებული ამბის ბოლოს დასმულმა წერტილმა უწყვეტი თხრობა გამიწყვიტა. ჰო, ასე იყო, დაისვა წერტილი და მივხვდი – ეს ისტორია აქ დამთავრდა, გაგრძელება აღარ აქვს. სიმართლე გითხრა, ვერ ველეოდი თავდაპირველად ჩაფიქრებულ ვერსიას, ბევრი ვიჯახირე, არც ენერგია დამიზოგავს, არც – ფურცელი, მაგრამ – არა, ვერა, – მოსაწყენი, დუნე, ყურით მოთრეული მეჩვენებოდა, რასაც ვწერდი. „ქელეხი ქარში“-ს ბოლოს დასმული წერტილი იმდენად მსუყე აღმოჩნდა, რომ ვერა და ვერ გადავაბიჯე, ვერ გადავლახე. გადავწყვიტე, ხელი ჩამექნია რომანზე. ადრეც მოგწერე, ვიმეორებ – ხდება ხოლმე, რომანად ჩაფიქრებული მოთხრობად იქცევა, ხდება პირიქითაც, დაიწყებ ნოველას და გრძნობ, რომანის გაქანება აქვს. მოკლედ, „შეველიე“ რომანს; როგორც დამოუკიდებელი მოთხრობა, წიგნად გამოვეცი „ქელეხი ქარში“, ახლა მოვისვენებ-მეთქი, დავიიმედე თავი.

ვერ მოვისვენე.

ჩემი შფოთის უპირველესი მიზეზი თემა იყო, „ქელეხი ქარში“ ხომ იმიტომ წამოვიწყე, რომ ერთი ეპოქიდან სხვა ეპოქაში თავამორგული ქვეყნის ჩემეული ხედვა არ მასვენებდა. არ დამანება თავი ამ თემამ, ამ  ხატმა, სახებამ, აქამდე ვერცერთ მცდელობაში რომ ვერ მოვასხი ხორცი.

თამაზ ჭილაძემ შენიშნა ერთგან – გლობალიზაცია მთელ სამყაროს გთავაზობს სამშობლოს ხარჯზეო. ქართველი ხალხი საკმაოდ მოქნილი აღმოჩნდა გლობალური გამოწვევების მიმართ. მოვახერხეთ, შევინარჩუნეთ იდენტობა, იმედია, ახლაც ვივარგებთ, მაგრამ იმ მდგომარეობაში კი ნამდვილად ვართ, ამაზე რომ უნდა ვიფიქროთ, რაღაც ორიენტირები გავიხსენოთ ან დავისახოთ მიზნად. საბჭოეთის დროის ტრულაილაც იმიტომ დამჭირდა, გზაარეული, შერყვნილი ორიენტირების მატარებელი ტიპაჟი რომ შემექმნა. ეს სოციუმი იყო იმჟამად, დაახლოებით ამგვარ ღლიცინში იხარჯებოდა ენერგია და დრო, კოლორიტულობა მოვიგონეთ თუ ტვირთად ავკიდეთ საკუთარ თავს, რადგან სხვა გასაქანს და საშველს არ გვიტოვებდა საბჭოური იმპერია; ჰოდა, ვიყავით, როგორც ვიყავით – თვალუწვდენელი იმპერიის განაპირა რესპუბლიკაში (გუბერნიაში, კოლონიაში) მცხოვრები სტუმართმოყვარე, ხელგაშლილი, არტისტული ბუნების კოლორიტული ხალხი, საკუთარი კოლორიტულობა რომ ჰგვრის სევდას, რადგან კოლორიტულობა, ღლიცინი ექცა ტრადიციად და სადღაც, გულის სიღრმეში, გენეტიკური კოდის რომელიღაც ხელშესახები უჯრედით რომ ახსოვს მაინც – სხვა ტრადიციის, სხვა ორიენტირების მატარებელი იყო ოდესღაც …

კეთილი, გამოვაღწიეთ იქიდან; ღვთის მადლით, როგორღაც გამოვატანეთ თავი და გლობალური სამყაროს პირისპირ აღმოვჩნდით ნაწილობრივ ოკუპირებულები რუსეთისგან. მძიმე მდგომარეობაა, დამეთანხმები. ბევრი რამ, რასაც სამყარო გვთავაზობს, ანდა მოითხოვს ჩვენგან, ვერ ჯდება, ვერ ეთვისება ქართველის ბუნებას; სად შეიძლება მოინახოს შეხების წერტილი გარდაუვალთან, რომელიც კარს გიხსნის, გეპატიჟება თავისკენ, მაგრამ თამაშის თავის წესს გიმკვიდრებს მაშინ, როცა ფეხზე ვერ დგახარ მყარად, როცა საბჭოეთიდან გამოყოლილი ორიენტირები მოგყვება კვლავაც და ახალ რეალობაში თავამორგულს, მხოლოდ ერთი გაქვს საზრუნავი – როგორმე გადარჩე, როგორმე უკან არ წაგიცდეს ფეხი.

ახლო წარსულში ჭაობია, საუკეთესო შემთხვევაში – ტრულაილას ნიღბის მორგება კვლავაც, წინ – თამაშის ახალი წესი, ახალი თეატრი, სადაც რიგი და რიგი მიზეზების გამო ვერ გიხერხდება სცენაზე გამოჩენა.

თეატრი უცხო არაა ჩემთვის, ბევრ მსახიობს ვიცნობ, ვიცი, რა მძაფრად, მტკივნეულად განიცდიან რეჟისორისგან უგულვებელყოფას, ვერშემდგარობას,  ისიც ვიცი, რა იოლად მოწყვლადია მსახიობის ბუნება, რადგან ეს პროფესია სხვის ნებაზეა დამოკიდებული.

ვერშემდგარობა და გაურკვეველი, აუხსნელი წარსულის ლანდი უნდა ყოფილიყო „ქორწილი ქარში“-ს მთავარი პერსონაჟის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი –  ეს ვიცოდი; ვიცოდი, ან დროთა განმავლობაში მივედი ამ დასკვნამდე, – სიმართლე გითხრა, აღარ მახსოვს, რადგან წერის პროცესში ხშირად მივყვები იმპულსს, ალღოს და თუ ფურცელზე გადმოტანილი მომავალი ნაწარმოების ფაბულაში ჯდება, თემას თუ პასუხობს – მაშინ ვტოვებ. ამით იმის თქმა მინდა, რომ რომანი (განსაკუთრებით რომანი), სადაც ვრცელი პანოა გასაშლელი, თანდათანობით იკვეთება; სადღაც, ექსპოზიციური ნაწილის ბოლოს, კვანძის შეკვრისას ვუახლოვდები თემას, პრობლემას, კომპოზიციას და წერის პროცესში ისე შეუმჩნევლად ხდება ყოველივე, რომ ვეღარ ვიხენებ, თავიდან რამ გამიტაცა – გმირმა, სიუჟეტმა, ეპოქის ატმოსფერომ თუ თემამ.

 

1 2 3