პატარა ქვეყნის ბედი მეფიქრებოდა და „ქორწილის“ მთავარი გმირის მხატვრულმა გააზრებამ მიკარნახა, მომეთხრო მსახიობ ქალზე, ვინც დიდი ხნის მანძილზე არ გამოსულა სცენაზე, ვისაც ნათელი წარმოდგენა არ აქვს თავის წარმომავლობაზე, ადრენალინის ნაკლებობამ (ესე იგი ვერშემდგარობამ) კი კლეპტომანად აქცია. „მძიმე“ გმირია, მძიმე ფონი, კრიტიკულია პერსონაჟის წინაკლიმაქსური ასაკიც. ამ მოცემულობამ ექსპრესიული თხრობა მოითხოვა; გადავწყვიტე, პირველი პირიდან მომეყოლა ისტორია გულისშემძვრელ სიმარტოვეზე, რასაც ჩემი პერსონაჟი განიცდის.

ქალის პირველი პირიდან მოთხრობილმა ისტორიამ შემოქმედებითი ჟინი გამიღვივა, თუმცა, კითხვების მთელი ჯარი წამომიშალა სამუშაო მაგიდასთან.

რთული ამოცანა დავისახე, მეგობარო და აქვე გეტყვი, მართლა არ ვიცი, თავი როგორ გავართვი საქმეს, მაგრამ რთული ამოცანაა სწორედ, რაც მიტაცებს, ჟარგონი რომ მოვიხმოთ, რთული ამოცანაა „ამგდები“, მაპროვოცირებელი ფაქტორი ჩემთვის, რთული ამოცანის გარეშე წერა მეზარება.

რომანის სამი თავი პირველ პირში დაიწერა; ვფიქრობდი, ასე გამეგრძელებინა, მაგრამ კულმინაციაში (იგულისხმება – „მიწისქვეშეთი“) ვიგრძენი – პირველ პირში თხრობა არ მაკმაყოფილებდა, ტემპერატურა ვერ ავწიე სათანადო დონეზე, რაღაც უნდა მეღონა.

დიდხანს ვფიქრობდი ამაზე; ინტერნეტჯურნალთან ჩემი თანამშრომლობაც მაშინ დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომანის თაობაზე გწერდი, თუ განზოგადებულ თემებს ვეხებოდი წერილებში, საბოლოოდ მაინც მეხმარებოდა „წერილები მეგობარს“ – მეხმარებოდა თუნდაც იმაში, რომ ვერგასრულებულ საქმეს მახსენებდა, მაძალებდა გამუდმებით და ამავე დროს, ეპისტოლარული ჟანრი მინარჩუნებდა ფორმას, გადანაცხოვრებაში მაბრუნებდა, სევდანარევ ღიმილში მგვრიდა შვებას, შვებას კი აშკარად ველტვოდი, რადგან გამთანგა, დამაოსა შუა გზაზე გახირულმა რომანმა; შეიძლება ითქვას, დამაკომპლექსა კიდეც წარუმატებლობათა კასკადმა, ჩემს მაგიდასთან რომ მაცხრებოდნენ თავს.

თემას დავუბრუნდეთ – პირველ პირში თხრობა ვერ გადაება, ვერ შეენივთა რომანის დასაწყისს – „ქელეხს“. დავიწყე ახლიდან – მესამე პირში.

ახლა მეჩვენება, რომ მესამე პირში დაწყებულმა თხრობამ საშველი გაუჩინა, „ჟანგბადი ჩაბერა“ პირველ პირში მონათხრობის სიმძიმეს. მესამე პირმა მომცა საშუალება, სიუჟეტი შემეკრა და ორგანულად შემერწყა „ქელეხი“ „ქორწილთან“.

დავაზუსტებ – პირველი პირით გადმოცემული ამბავი გარკვეული ხასიათის ინფორმაციას ატარებს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მთავარი გმირის სიმარტოვის, შეპყრობილობის, მისი მდგომარეობის ანარეკლია, მცდელობაა, შეიქმნას პერსონაჟის კარდიოლოგიური სურათი და კარდიოგრამის ენით, რიტმით, ნახაზით გადმოგვცემს ისტორიას ქალზე, ვინც თვითმკვლელობა ჩაიფიქრა, რათა სიგიჟისაგან ეხსნა თავი.

პირველი და მესამე პირის მონაცვლეობამ წერის მანერა შეცვალა; რამაც, სიმართლე გითხრა, დამაინტერესა და დამაინტრიგა კიდეც.

საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე; როგორც იქნა მივუახლოვდი ერთ ადგილას გახირულ „მიწისქვეშეთს“, მომეჩვენა, წერის სხვა მანერა უნდა შემოსულიყო კულმინაციაში და იქ დამებადა აზრი – მეორე პირიც გამეჩინა თხრობაში, მეორე  პირი – ესე იგი, ავტორი, რომელიც პერსონაჟს მიმართავს, რომელიც იქ, კულმინაციაში გამოდის სააშკარაოზე, ვისი ჩანაფიქრით და ვისი ნებითაც სამგზის ჩაესმა მთავარ გმირს მისთვის უცნობი ლამარიეს სახელი.

„დარინდაში“ მივმართე სამ პირში თხრობას, მაგრამ იქ თავიდანვეა ეს ხერხი გაცხადებული, შეიძლება ითქვას, „გალაითებულია“, მარტივად, მსუბუქადაა შეთავაზებული მკითხველისათვის, „ქელეხი-ქორწილი“-ს კულმინაციაში კი მოულოდნელად ჩნდება მეორე პირი, რამაც ავტორისა და მთავარი გმირის იდენტურობის ხარისხზეც დამაფიქრა.

მნიშვნელოვანი თემაა განსჯისთვის. მწერალი მეორეხარისხოვან პერსონაჟსაც თავის ქურაში ატარებს, თავისი გამოცდილებიდან, დაკვირვებიდან, პირადი იმპულსებიდან ასხამს ხორცს, ანიჭებს ამა თუ იმ თვისებას, თავისებურად ძერწავს, მოკლედ რომ ვთქვათ. რაც შეეხება მთავარ გმირს, ძალზე ხშირია პერსონაჟისა და ავტორის სრული ან ნაწილობრივი იდენტიფიკაცია. არსებობს თხრობის სხვა ხერხიც – ობიექტურობის ილუზიის შესაქმნელად ავტორი დისტანცირდება პერსონაჟთან. მხოლოდ ამ რომანზე მუშაობის პროცესში – არა, „ყურთბალიშიდან“ მოყოლებული ვფიქრობ, თუ რა ხარისხში შეიძლება მთავარი გმირისა და ავტორის თანხვედრა შედგეს იმგვარად, მკითხველმა რომ მიიღოს და დაიჯეროს, რადგან პირველი პირიდან მოთხრობილ ამბავს ორი განვითარება აქვს – საუკეთესო შემთხვევაში გულწრფელობას ინარჩუნებს, კათარზისამდე მიყავხარ, ცუდ ვარიანტში – ავტორის თვითკმარობას, ნარცისიზმს გაგრძნობინებს.

წარმოიდგინე შემდეგი სურათი: ასე თუ ისე, ვიცი ამბავი, განწყობილი ვარ სამუშაოდ, მივუჯდები მაგიდას, დავიწყებ წერას და მინდა თუ არა, უცილობლად შემომიჩნდებოდა ხოლმე აზრი – ვისი პირიდან ყვები ამბავს? რამდენად დისტანცირებული, თუ პირიქით, შერწყმული ხარ გმირთან? მნიშვნელოვანი კითხვაა, გადასაჭრელი ამოცანა, წერის გაგრძელება თუ გსურს. ეგ ავტორის ოსტატობაზეა დამოკიდებულიო, – იტყვის მავანი და მართალიც იქნება, მაგრამ მხოლოდ ოსტატობაში არაა საქმე, სხვა კითხვა მებადება მუშაობის პირველ ეტაპზე – გულწრფელობის ხარისხი. ჰო, გულწრფელობის ხარისხი და თამაშის წესი (იქნებ ჩემი დრამატურგიული წარსულის წყალობითაც). „დარინდას“ ექსპოზიციურ ნაწილში გაცხადებული ხერხი – მე, შენ, ის, – ესე იგი, სამ პირში თხრობა, „ქელეხი-ქორწილი“-ს კულმინაციაში იჩენს თავს და, როგორც ახლა მეჩვენება, სწორედ ეს ხერხი მჭირდებოდა, თხრობა რომ „ამეჭრა“, ახალი ენერგეტიკით რომ დამემუხტა მთავარი გმირის კოშმარული ხილვა, მოულოდნელად შემომეყვანა ახალი პერსონაჟი – ავტორი, ვისი სულიერი მდგომარეობის ანარეკლიცაა დეა.

ნაწარმოების მიღმა ავტორი დგას ამ მოცემულობას წიგნის პირველი წინადადებიდან იღებს მკითხველი. იმედი მაქვს, დაკვირვებული თვალი „ქელეხი-ქორწილი“-ს კულმინაციაში აღმოაჩენს „პერსონაჟს“, ვინც ფარდის მიღმა იდგა და თავი გამოიაშკარავა, გულწრფელად აღიარა, რომ მთელი ეს ისტორია მისი შეთხზულია, რომ იქნებ უხერხდება, იქნებ – ვერა, მაგრამ ცდილობს, სხვასაც გაუზიაროს თავისი ხედვა, შფოთი, ტკივილი, დიაგნოზი, სულიერი მდგომარეობა.

მდგომარეობა – ამ „პერსონაჟზე“, ესე იგი, „მდგომარეობაზე“, რომანშიცაა საუბარი და კაცმა რომ მკითხოს, ვინ არის ნაწარმოების მთავარი გმირიო, – ვუპასუხებდი, –  მდგომარეობაა – მეთქი მთავარი გმირი, სულიერი მდგომარეობა, რასაც პერსონაჟთან იდენტიფიცირებული ავტორი განიცდის ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე.

იქნებ შიში მალაპარაკებს ახლა, იქნებ – დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რომანის დასრულების შემდეგ რომ წამომეკიდა?.. სიმართლე გითხრა, რაღაცებზე მეთანაღრება გული, მაგრამ ისიც ვიცი, ვერაფრის შემცვლელი ვარ, იმდენად „გამაძაღლა“, ისე დაუნდობლად „მათრია“ რომანმა.

კარგი, მოვეშვათ წუწუნს, ამოცანებს დავუბრუნდეთ- რიტმი და ჟანრი.

თითოეულ ეპიზოდს (განსაკუთრებით პირველ პირში დაწერილს) თავისი რიტმიკა აქვს მთავარი გმირი კულმინაციამდე, ფაქტობრივად, ორ ლოკაციაშია მხოლოდ – შინ და კლინიკის პალატაში. აქედან გამომდინარე, ან ავტორი ყვება პერსონაჟზე, ანდა, პერსონაჟი იხსენებს თავსგადახდენილს. ქმედება მიწისქვეშეთში ვითარდება, პერსონაჟი მოძრაობს, ხედავს სხვა პერსონაჟებს, ურთიერთობს, ანდა აფასებს მათ. უნდა ასახულიყო მთავარი გმირის მოძრაობა, ფიქრი, შეფასება, მიწისქვეშეთის ატმოსფეროს აღქმა. მომეჩვენა, რომ ამ ეპიზოდს რეფრენი სჭირდებოდა, ფრაზა, რომელიც გმირის მოძრაობის იმიტაციას შექმნიდა. „ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს“, – ეს რეფრენი ვიღაცას იქნებ ზედმეტი მოეჩვენოს (შემდგომ ეპიზოდებშიც მეორდება), მაგრამ გმირის მოძრაობის რიტმი მაგრძნობინა, აქცენტების დასმის საშუალება მომცა, ერთგვარი დინამიკა მომახელთებინა თხრობაში.

 

1 2 3