ბუნებრივია, რიტმი იცვლება კვანძის გახსნაშიც, მაგრამ იცვლება თავისებურად – ჟანრთან ერთად. აღარ მახსოვს, რომელ წერილში მოგწერე ჟანრულ აღრევაზე, თუ შეიძლება ითქვას – „მართულ ეკლეკტიზმზე“, ერთ-ერთ პიესაში რომ გამოვიყენე („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“). იქ ყოფითი კომედიით დაიწყო პიესა და თავი რომ შემაწყინა ან ჟანრმა, აბსურდის ხერხში „ავჭერი“ კვანძის გახსნა, რამაც ჟანრულ ცვლილებასთან ერთად გააჩინა ამბის სიუჟეტური მოულოდნელობა. „ქელეხი-ქორწილში“ დრამატულად იწყება ამბავი, თანდათან მიდის კულმინაციამდე, სადაც მეფიქრებოდა, თუ მეიმედებოდა – მკითხველი თანაგანცდაში შევიდოდა მთავარ გმირთან. ხომ კარგად მოგეხსენება, ჩემო შადიმან, რამდენი ძალისხმევა, ოსტატობის რა ხარისხი სჭირდება ავტორს, მკითხველი რომ შეიყვანოს თანაგანცდაში? ვიმეორებ – არ ვიცი, რამდენად მომიხერხდა ამის „შესრულება“, მაგრამ მიზანი მქონდა – თანაგანცდამდე მიმეყვანა მკითხველი და როგორც ხშირად ხდება ხოლმე რეალურ ცხოვრებაში, მერე სრულიად სხვა ჟანრში წამეყვანა თხრობა – დრამატული ქცეულიყო ფარსად, ე.წ. „ჰეფი ენდი“ წარმოჩენილიყო ღრმად მიმალული შინაგანი ტრაგიზმით, გმირები, ვისაც დეა ატარებდა თავის მოგონებებში, რეალურად გამოჩენილიყვნენ, ერთად მოეყარათ თავი „პანაშვიდზე“, სადაც ძველი დაიმარხება და ახალ ეპოქაში შედგება პირველი ფიქტიური ქორწინება, სადაც გათამაშდება ახალი პერფორმანსი ახალი გმირებით, სხვა ქარი დაუბერავს და იქაც აიჭრება დრო, რადგან ნასესხების ქარი იმისაა, მოულოდნელად გაცხრება თავს და თუ მხატვრულ სინამდვილეზეა საუბარი, არც ის უნდა გაგიკვირდეს, აპრილის ქარები რომ გადმოქარდნენ მაისში – თან მოიყოლეს მენტალური ცვლილებების სუსხი, ხიფათი, განსაცდელი, თან მოიყოლეს სხვა ეპოქა…

კეთილი, ჩემო მეგობარო, ამით გავასრულოთ წერილების ციკლი, თავშესაფრად, შვებად რომ დავიგულე „გაონჩებულ“ რომანზე მუშაობისას; იქნებ უფრო ვრცლად უნდა მომეწერა ამოცანებზე, რასაც ოთხი-ხუთი წელი ვეჯახირე სამუშაო მაგიდასთან, მაგრამ, ვატყობ, გაცლა მიჯობს რომანისგან. ახალი სამუშაო ვერ დაიწყება, სანამ „ქელეხი-ქორწილს“ არ გავირიდებ და მწერლის ხვედრიც ეს ყოფილა – ძალისხმევა ახალ სამყაროში თავის შესათრევად  და ძალისხმევა – გასრულებული საქმიდან თავის გამოსათრევად… ამოცანებს ვისახავთ, ვეჯახირებით, მაგრამ ხანდახან გვავიწყდება , – ყველაზე რთული ამოცანაა, შენი ამოცანა ვერ იგრძნოს მკითხველმა; ჰოდა, არ ვიცი, იქნებ ესეც მაფიქრებს ახლა, იქნებ ესეც მიმძიმებს გულს…

P.S. „წერილები მეგობარს“ – ციკლის ბოლო წერილი დავასრულე, ზვიად კვარაცხელიამ რომ დამირეკა და ორი წიგნი „ჩამახუტა“. ერთი – „ლეას საათი“-ა (ტრილოგია -„ყურთბალიში“, „ლეას საათი“, „ღრუბელი, სახელად დარინდა“) მეორე – ახალი რომანი – „ქელეხი – ქორწილი“. ეს ამბავი 15 ნოემბერს მოხდა. გუშინ, 16 ნოემბერს, „ქელეხი-ქორწილს“ ჩავუჯექი. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რამდენიმე ადგილას მაინც „გაძვრა“ კორექტურა, რამაც გული დამწყვიტა, მაგრამ წიგნმა თავი წამაკითხა; უკეთ რომ ვთქვა, წიგნმა თავი „მაგრძნობინა“ (მოგეხსენება, სხვა თვალით კითხულობ ხელნაწერს, აკრეფილ ტექსტს და წიგნად გამოცემულს). მომეწონა დიზაინი, კარგი გარეკანია. ახალი თვალით (გეგონება, ჩემი დაწერილი არააო), წავიკითხე რომანი და კიდევ ერთხელ, ეს უკვე მერამდენედ დავრწმუნდი, – რა დიდებული შეგრძნებაა, როცა ტექსტი იქცევა წიგნად. მადლობის მეტი რა მეთქმის გამომცემლობა „ინტელექტთან“, გულიანად მიუდგნენ საქმეს. დაახლოებით 6-7 საათი ვკითხულობდი და როცა წიგნი გავასრულე, მივხვდი – რომანთან დაშორების პროცესი რეალურად ახლა იწყება. როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, წიგნსაც თავისი ბედი დაჰყვება ხოლმე, „ქელეხი-ქორწილი“-ც ამიმოგზაურდა ჩემგან დამოუკიდებლად და მისი თავგადასავალის ერთი შემადგენელი – „წერილები მეგობარს“ – არის, რისთვისაც კიდევ ერთხელ გემადლიერები, ჩემო მეგობარო!

 

 

1 2 3